“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 25 თებერვალს გახდება ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა  და “ნაციონალური მოძრობის” ლიდერს გირაოს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარემ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოსთვის მიემართა.

საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა უნდა მიიღოს და 72 საათის განმავლობაში განიხილოს. ეს ვადა ხვალ, შუადღეს იწურება.

“საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩაგვიწერა, რომ გადაწყვეტილება საჩივრდება შემაჯამებელთან ერთად, რაც, ჩვენი აზრით, არის არასწორი და ამიტომ მაინც წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში.  საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპია, რომ მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლო მსჯელობდეს კონკრეტული საკითხის კანონიერებაზე. ეს მით უფრო თვალნათელია მაშინ, როდესაც საუბარია პატიმრობაზე.

ჩვენ ვეუბნებით სააპელაციო სასამართლოს, რომ თუ მასაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა  გასაჩივრების შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს კონსტიტუციით — უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტით. ხოლო თუ ჩათვლის, რომ არ შეუძლია კონსტიტუციის გამოყენება, მაშინ იშუამდგომლოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ კონსტიტუციური წარდგინებით მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ნიკა მელიას სისხლის სამართლებრივი დევნის შეჩერებას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სააპელაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის საკითხს მხარეთა დაუსწრებლად განიხილავს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ საჩივარი განხილვის ეტაპზეა და მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

ნიკა მელიას კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ მელიას პატიმრობის გადახედვის მოგვარების რესურსი არა იურიდიულ კაზუისტიკაში, არამედ ხელისუფლების ნებაშია.

“შიდა ინსტიტუტებში ნიკა მელიას პატიმრობის გაუქმება შესაძლებელია:

  1. უმოკლესი, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გზით — პირველი ინსტანციის სასამართლო აუქმებს მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებას, საამისოდ საჭიროა მხოლოდ მხარის შუამდგომლობა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება;
  2. მოკლე, კანონის ანალოგიით გასავლელი გზით — სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საამისოდ საჭიროა მხარის შუამდგომლობა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება;
  3. გრძელი გზა — საკონსტიტუციო სასამართლოში დავა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მე-2 პუნქტში აღწერილი გზა მაინც უნდა გავიაროთ. ცხადია, ხელისუფლების პოლიტიკური ნება ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტია”, – წერს ბასილაია.

ნიკა მელიას საქმეზე არ წყდება კონკრეტულად ერთი ადამიანის თავისუფლების საკითხი; გაჯიუტდება ხელისუფლება და კვლავ ძალის…

Posted by Beka Basilaia on Friday, 19 February 2021