2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმის გამოძიება განახლდა – პროკურატურა მოწმეების გამოკითხვას აწარმოებს. ადვოკატი ბექა კვინიკაძე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ ნიკა მელიაც გამოიკითხეს ისე, რომ ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ადვოკატის განცხადებითვე, 2024 წლის 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, პროკურატურამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს. მუხლი 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ადვოკატი ამბობს, რომ ნიკა მელიას 2 საქმეზე ელოდებიან განაჩენს და ახლა სახელმწიფოს სურს თქვას – „ნიკა მელიას კი მივუსაჯეთ, დავუმატეთ წლები, მაგრამ, აი, სამტრედიაში თავს რომ დაესხნენ, იქაც პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ“.
„როგორც გამომძიებელმა მითხრა, [თავდამსხმელი] გამოკითხულია, აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით დავესხი თავსო. […] იქ მყოფ პირებს რომ არ დაკითხავ, ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედებებს არ აწარმოებ, მიზეზად [გამომძიებელმა] მოიტანა, რომ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას ველოდებოდითო, რაც, რა თქმა უნდა, სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ხელს არ უშლის“, – ამბობს ბექა კვინიკაძე „ნეტგაზეთთან“.
ადვოკატის თქმით, 6 აგვისტოს შესაძლოა გამოცხადდეს განაჩენი ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე, სადაც მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან. პარალელურად, მიმდინარეობს ე.წ. საბოტაჟის საქმე.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას მისჯილი აქვს 1,5 წლით პატიმრობა.
იხილეთ ასევე:
