ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტვიტერი: წავშალეთ სომხეთის და რუსეთის მთავრობებთან დაკავშირებული ქსელები

24 თებერვალი, 2021 • 956
ტვიტერი: წავშალეთ სომხეთის და რუსეთის მთავრობებთან დაკავშირებული ქსელები

სოციალური ქსელი „ტვიტერი“ იუწყება, რომ გამოავლინეს და წაშალეს საინფორმაციო ოპერაციების ოთხი ქსელი, რომელთაგან ორი რუსეთის ფედერაციასთან არის კავშირში, თითო-თითო კი, ირანისა და სომხეთის მთავრობებთან.

„ტვიტერი“ აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შედეგად, „პლატფორმის მანიპულირების პოლიტიკის დარღვევის გამო“, წაშლილია, ჯამში, 373 ანგარიში.

სომხეთი

პლატფორმის მიერ 23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ გამოიძიეს და წაშალეს 35 ანგარიში, რომელთაც სომხეთის მთავრობასთან ჰქონდათ კავშირი.

„ეს ანგარიშები შექმნილი იყო ისეთი ნარატივების გასავრცელებლად, რომლებსაც აზერბაიჯანი ჰყავდა მიზანში ამოღებული და გეოსტრატეგიულად სასურველი იყო სომხური მთავრობისათვის“, – წერია პრესრელიზში.

ზოგიერთ შემთხვევაში, „ტვიტერის“ თანახმად, ყალბი ანგარიშები პოზიციონირებდნენ ისე, თითქოს წარმოადგენდნენ აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანელ პოლიტიკურ ფიგურებსა და აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებს.

„ეს ანგარიშები დაკავებულნი იყვნენ შეცდომაში შემყვანი აქტივობებით, რათა მეტი გამომწერი ჰყოლოდათ და უფრო გაეძლიერებინათ თავიანთი ნარატივი“, – წერია განცხადებაში.

კომპანიას არ დაუზუსტებია, ეს ქსელები ფუნქციონირებდნენ თუ არა ყარაბაღის 2020 წლის ომის პერიოდში.

რუსეთი

რაც შეეხება რუსეთს — „ტვიტერი“ წერს, რომ ორი ქსელი გამოავლინა:

„პირველმა გამოძიებამ აღმოაჩინა და წაშალა 69 ყალბი ანგარიშისგან შემდგარი ქსელი, რომელიც შესაძლოა სარწმუნოდ იყოს დაკავშირებული რუსეთის სახელმწიფო მოთამაშეებთან“, – წერს კომპანია.

სოციალური ქსელის წარმომადგენლების განცხადებით, არაერთი ასეთი ანგარიში აძლიერებდა ნარატივს, რომელიც რუსეთის მთავრობის ნარატივს ჰგავდა, ხოლო ქსელის ნაწილი ფოკუსირებული იყო „ნატოს ალიანსისა და მისი სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაზე“.

მეორე გამოძიების ფარგლებში, „ტვიტერმა“ წაშალა ორ ქსელში გაერთიანებული 31 ანგარიში, რომლებიც „აჩვენებენ ნიშნებს, რომ აფილირებული არიან რუსეთის „ინტერნეტის კვლევის სააგენტოსთან“ (IRA-სთან) და რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მოთამაშეებთან“.

ეს ანგარიშები, პრეს-რელიზის თანახმად, აძლიერებდნენ ისეთ ნარატივებს, რაც IRA-სთან და რუსეთის მთავრობასთან არის ასოცირებული და აშშ-სა და ევროკავშირზეა მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი