ახალი ამბები

საპოლიციო ძალების მეშვეობით მელიას დაპატიმრებამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება — საია

24 თებერვალი, 2021 • 586
საპოლიციო ძალების მეშვეობით მელიას დაპატიმრებამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება — საია

ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 23 თებერვალს განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ მთავრობამ ვერ უზრუნველყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მიმდინარე პროცესების დეესკალაცია.

ორგანიზაციის განცხადებითვე, საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

აქედან გამომდინარე, საიაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად. ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება.

რაც შეეხება ენმ-ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, საია აცხადებს, რომ პოლიციის მიერ ქიმიური საშუალების დახურულ სივრცეში გამოყენება, მაშინ, როცა ადამიანებს არ შეეძლოთ შენობის მყისიერი დატოვება, კანონისა და  საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით შეიკრიბა მასშტაბური საპოლიციო ძალა, ხოლო დაკავების პროცესში შენობაში შეკრებილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო სპეციალური საშუალება – სავარაუდოდ, წიწაკის გაზი. ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე.

დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე, დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე.  ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული მათი განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენება.

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას, სავარაუდოდ, სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით”, — წერია განცხადებაში.

საია-ს განცხადებაში ასევე მოხვდა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების ფაქტი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას უნდა განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ლეგიტიმური მიზანი:

“გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მკაცრად რეგულირებად საგამოძიებო მოქმედებას, რომლის ჩატარების დროსაც ყველა შემთხვევაში აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში არსებული კომპიუტერული სისტემიდან  ისეთი მონაცემების ამოღებას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან, მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა საზოგადოებას განუმარტონ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დასაბუთებული  ლეგიტიმური მიზანი”.

საია-ს განცხადებით, ბოლო დღეებში სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების უფლებაში ჩარევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ პოლიცია აქციის მონაწილეებს არ აძლევდა უფლებას, გაეშალათ კარავი, რაც საია-ს ცნობით, კანონდარღვევაა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან განვითარებული მოვლენების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დაკავა არაერთი ადამიანი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის პროცესში დაუსაბუთებლად დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალადარღვევათა კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული დაკავების მიზნებსა და საფუძვლებს, აგრეთვე, დაკავების წესს.

ადმინისტრაციული დაკავების პროცესში სამართალდამცავები უნდა ხელმძღვანელობდნენ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. დაუშვებელია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად, პირთა მათთვის არასასურველი ადგილიდან განსარიდებლად ან/და სხვა ისეთი მიზნით, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და ემყარება მხოლოდ ცალკეულ პოლიციელთა ან მათ ხელმძღვანელ პირთა მიხედულებას.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით, საია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და ნორმალიზების მიმართულებით;
  • მისცეს დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის უფლება და მშვიდობიანი პროტესტის აღსაკვეთად არ გამოიყენოს პოლიციური ძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი