ახალი ამბები

“საფრთხე ექმნება ისტორიულ მონაპოვარს – ევროატლანტიკურ სწრაფვას” – ეპისკოპოსი მელქისედეკი

23 თებერვალი, 2021 • 547
“საფრთხე ექმნება ისტორიულ მონაპოვარს – ევროატლანტიკურ სწრაფვას” – ეპისკოპოსი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შეშფოთებული აკვირდება ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სიტუაციას კრიტიკულად აფასებს.

სასულიერო პირის თქმით, გაეცნო ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, საქართველოს მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას:

“შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს.
გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს”, – ამბობს ეპისკოპოსი.

მისი თქმით, იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოშია, პოლარიზება მხოლოს საქართველოს მტრების ინტერესშია:

“ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ.

ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს.
თქვენთვის მლოცველი” ,- აცხადებს არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი