ახალი ამბები

სიამოვნებით ავუხსნიდი, რას ვფიქრობ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით — ლომჯარია “ოცნებას”

23 თებერვალი, 2021 • 847
სიამოვნებით ავუხსნიდი, რას ვფიქრობ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით — ლომჯარია “ოცნებას”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პარლამენტს ნებისმიერ ფორმატში განუმარტოს თავისი მოსაზრება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

ასე უპასუხა ლომჯარიამ “ქართული ოცნების” წევრებს, რომლებმაც სახალხო დამცველი გააკრიტიკეს მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

“მე არაერთი განმარტება გავაკეთე დღემდე, თუ რატომ ვფიქრობდი ასე და სიამოვნებით, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ დროს პარლამენტს კიდევ ერთხელ განვუმარტავ, რატომ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა არ იყო დასაბუთებული და არ იყო მიზანშეწონილი ყველა გაგებით, კონტექსტიდან  გამომდინარე. პირიქით, მოხარული ვიქნები, თუ პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მომისმინოს და მეც ავუხსნიდი მათ სიამოვნებით, რას ვფიქრობ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, — განაცხადა ლომჯარიამ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პარტნიორების კრიტიკა მოსალოდნელი იყო, რადგან მათ “დეტალური ინფორმაციის” მიწოდება სჭირდებათ.

როგორც მდინარაძე ამბობს, მმართველი გუნდი იმუშავებს, რათა დაინტერესებულ მხარეებს მელიასთან დაკავშირებით ინფორმაციაა მიაწოდონ.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები პარტნიორებისგან — მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი