ახალი ამბები

მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები პარტნიორებისგან — მდინარაძე

23 თებერვალი, 2021 • 595
მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები პარტნიორებისგან — მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პარტნიორების კრიტიკა მოსალოდნელი იყო, რადგან მათ “დეტალური ინფორმაციის” მიწოდება სჭირდებათ.

როგორც მდინარაძე ამბობს, მმართველი გუნდი იმუშავებს, რათა დაინტერესებულ მხარეებს მელიასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.

“არ დაგიმალავთ, რომ მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, და მოდით, ავხსნათ რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული. ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი რომ იყოთ და პირველი ინფორმაცია თუ იქნებოდა ის, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ, რომ გასაგებია ფორმალური ლიდერი, მაგრამ “ნაცმოძრაობის”, მაგრამ მაინც ჰქვია ასე — დაკავებული იქნა “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე” და როდესაც ამ ნიუსს მიიღებ ე.წ. ნიუსლეთერით თუ სხვა წყაროებით, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი და ნეგატიური ინფორმაცია.

მაგრამ როგორც კი სიღრმეში ჩახვალ, როგორც კი გაერკვევი, რომ ამის იქით დგას მისი[მელიას] ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი ნებით კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და კანონის დაუმორჩილებლობა, ის, რომ ეს ადამიანი უკვე მსჯავრდებულია კონკრეტულ დანაშაულზე წარსულში და ამის შემდეგ გახდა ამ პარტიის ფორმალური, მაგრამ მაინც თავმჯდომარე, ის საქართველოს პარლამენტის შენობაში იჭრებოდა, უკვე ბევრი კითხვის ნიშანი აღარ არის ამ საქმესთან დაკავშირებით”, — განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე, საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი