ახალი ამბები

“ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი” — GRASS მელიას დაკავებაზე

23 თებერვალი, 2021 • 519
“ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი” — GRASS მელიას დაკავებაზე

“საქართველოს რეგორმების ასოციაცია” ნიკა მელიას დაკავებას “ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს”.

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მკაცრად გმობს დემოკრატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რაც გამოიხატა მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის შტურმსა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაში.

ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უგულებელყონ უცხოელი პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მოწოდება დიალოგის შესახებ, არის შოკისმომგვრელი. მთავარი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია ზრდის საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის რისკებს, აზიანებს ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალსა და შედეგად – საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება აგრძელებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის წინა ხაზზე დგომას და შეეცდება, რომ მაქსიმალურად შეეწინააღმდეგოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის ნგრევის პროცესს. გამომდინარე აქედან, საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს, რომ არ დაუშვან რეგიონში ევროკავშირისა და აშშ-ის ღირებული პარტნიორისა და მოკავშირის [საქართველოს] დაკარგვა”, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის, ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ის საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი