რიონის ხეობის სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზაზე მოსახლეობა და პოლიციაა მობილიზებული.
როგორც ნეტგაზეთთან ერთ-ერთი აქტივისტი, ნუგზარ გოდოლაძე ამბობს, ასობით ადამიანი აქ დილიდანაა შეკრებილი და ჰესის მშენებარე კომპანიას არ უშვებს სამშენებლო ადგილზე.
გოდოლაძე ამბობს, რომ დღეს დილით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ამ გზაზე კომპანიის ერთი-ერთი ტრაქტორი მაინც გავიდა — „როგორც ჩანს, ადგილის მოსაწმენდად“
„ამ წუთში ის ხდება, რომ ტრაქტორი მოიყვანეს და მიჰყავდათ იქ, სადაც მთა ააფეთქეს. ამას წინააღდმდეგობა გავუწიეთ, მოხდა შეხლა-შემოხლა, ამიტომაც მობილიზებულია აქ პოლიცია.
მანამდე გზაზე მოვიდა მშენებარე კომპანიის მენეჯერი, რომელსაც გზა გადავუკეტეთ და გასვლის საშუალება არ მივეცით. გამოვიდა ჯიქურ, დატაკება უნდოდა [მანქანით], ჩვენ არ მივეცით გასვლის საშუალება, მე დავურტყი მანანის „კაპოტზე“ ხელი, გადმოვიდა მანქანიდან და დაიწყო ჩვენი შეურაცხყოფა. ამ დროს პოლიციაც ჩაერია, გაანეიტრალეს სიტუაცია… მაგრამ ძალიან ცუდი სიტყვებით მოგვმართავდა, ჩასვეს მანქანებში და გაიარა, თან [შუა] თითი გვიჩვენა“, — იხსენებს ნუგზარ გოდოლაძე.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე პროტესტს 300-მდე ადამიანი გამოხატავს, რათა ტერიტორიაზე ტრაქტორები არ შეუშვან.
“ნერვებზე მოქმედებს, 120 დღეა აქ ვართ, აგერ, ახლა ქალბატონი წაიქცა.. ნერვებზე თამაშობენ, გამოდის. წესითა და რიგით“ დღეს ტექნიკა არ უნდა მოეყვანათ. ძალიან დიდი რაოდენობით ხალხს ჩვენვე ვაჩერებთ, რომ ესკალაცია არ მოხდეს.. იმ მხარეზეც ჩვენები არიან, აქაც ჩვენები ვართ, პოლიციელები დგანან – და ასე შუაში ვიჭყლიტებით“, — ამბობს გოდოლაძე.
უკვე 120 დღეზე მეტია, რაც რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ ხეობის მცხოვრებლები. ისინი ითხოვენ, ხეობა დატოვოს კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.
10 თებერვალს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა EMC გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს 2020 წლის 21 სექტემბრის შემდეგ უკანონოდ ახორციელებს.
ვრცლად წაიკითხეთ:
