ახალი ამბები

ხელისუფლება რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს – EMC მელიას დაკავებაზე

23 თებერვალი, 2021 • 408
ხელისუფლება რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს – EMC მელიას დაკავებაზე

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, დღეს მომხდარი მოვლენები მოწმობს იმას, რომ ხელისუფლება უარს აცხადებს პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვაზე.

“დღეს მომხდარი მოვლენები პოლიტიკური პროცესების და სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის კრიზისში შეყვანის უმძიმესი გამოცდილებაა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დღეს სრულად თქვა უარი არსებული პოლიტიკური კრიზისის პოლიტიკური გზებით განმუხტვის სტრატეგიაზე და ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებს, რეპრესიული აპარატი და მექანიზმებია. სამწუხაროდ, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდება, ხელისუფლებას მიეღო ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არ გაიზიარა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ დღეს, 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ განცხადებაში.

“დღეს დილით ნიკა მელიას შტურმითა და მასშტაბური სპეციალური ოპერაციით დაკავების მანერა და ფორმები, მათ შორის, ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის დახურულ სივრცეში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება და ზოგიერთი აქტივისტის თვითნებური დაკავება, არაერთ სამართლებრივ კრიტიკას აჩენს. კითხვები ჩნდება პარტიის ოფისიდან კომპიუტერული სერვერის ამოღების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. მთლიანობაში ამ საქმის საერთო პოლიტიკური, მათ შორის, გეოპოლიტიკური კონტექსტი, უმძიმეს კითხვებს წარმოშობს ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ.

ცხადია, ამ პირობებში ჩნდება შიშიც, რომ ხელისუფლება რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას მოახდენს და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე პოლიტიკური პროცესების ამ მიმართულებით წარმართვა, დემოკრატიული წუხილების მიღმა, სოციალურ წუხილებსაც წარმოშობს და უიმედობის საერთო ფონს აღრმავებს”, – აცხადებენ EMC-ში.

ორგანიზაცია მოუწოდებს

➡ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალის გამოყენების სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის და მშვიდობისთვის.

➡პოლიტიკურ ოპოზიციას, გადადგან დეესკალაციისკენ მიმართული პოლიტიკური ნაბიჯები.

➡მოგვიანებით, EMC ოპერაციის ჩატარების ცალკეულ სამართლებრივ პროცესებს დამოუკიდებლად შეაფასებს.


“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დღეს, 23 თებერვლის დილას დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. ენმ-ის ოფისის შესვლისას, პოლიციამ, სავარაუდოთ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი