ახალი ამბები

ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს – დეკანოიძე

22 თებერვალი, 2021 • 657
ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს – დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. დღეს, 22 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე დეკანოიძემ მთავრობას მოუწოდა, პროვოკაციის მოწყობას მოეშვან, რადგან მისი თქმით, ენმ-ის ოფისში მყოფ ხალხთან არანაირი პროვოკაცია არ გაჭრის.

“ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება ენმ-ის ოფისში პროვოკაციას გეგმავს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ დღეს ჩვენს ხელთ არის უდიდესი მორალური უპირატესობა. მორალური უპირატესობა ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. პროვოკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, როცა პოლიციელები მოვიდნენ და 2-3 ადამიანი ჩაერთო მთელ ამ პროვოკაციულ ამბავში. ეს ადამიანები იყვნენ შემოგზავნილები. მსგავსი პროვოკაციის მოწყობა სურს ხელისუფლებას. ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა. შემოაგზავნონ ვინმე, რათა ატეხონ ამბავი. არ ვიცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ, მაგალითად, რომელიმე პოლიციელს, ამიტომ ვაფრთხილებ ხელისუფლებას და ვაფრთხილებ ძალიან მკაცრად, რომ შეეშვან ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას”,-აცხადებს დეკანოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი