ახალი ამბები

არავითარი კლანი არ მაქვს და არც მქონია – ღარიბაშვილი

22 თებერვალი, 2021 • 543
არავითარი კლანი არ მაქვს და არც მქონია – ღარიბაშვილი

პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არანაირი კლანი არ აქვს. ასე უპასუხა ღარიბაშვილმა პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ე.წ. კლანზე დასმულ კითხვას. რაც შეეხება ნათესავების საკითხს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ ადამიანების ქმედებებმა მხოლოდ ის დააზიანეს. მისივე განმარტებით, გარკვეული წესებით ცხოვრობს და როცა მასთან ურთიერთობაში ამ წესებს არღვევენ ოჯახის წევრები თუ ნათესავები, მათთან ურთიერთობას წყვეტს.

“თქვენ, როგორც ჩანს, აყოლილი ხართ “ნაცების” რიტორიკას და მათ მოგონილ… თითქოს რაღაც კლანი მაქვს თუ მქონდა… მოდი, ჩამოვყალიბდეთ- მქონდა თუ მაქვს. ეგ ვერ გავიგე თქვენგან. თუ მაქვს, გიპასუხებთ, რომ არ მაქვს, არც მქონია არავითარი კლანი. ზოგადად გეტყვით, რომ თუ ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა.. იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი.. არ ვიცი, ვის გულისხმობთ. შეიძლება მე დავზიანდი ყველაზე მეტად. ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობა უნდა დაამტკიცონ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ე.წ. კლანზე ჰკითხა. ელისაშვილი დაინტერესდა, ეს ადამიანები მართლაც ჩართულნი იყვნენ თუ არა კორუფციაში:

“რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ვაფრთხილებდი ღარიბაშვილს, რომ მისი მთავარი პრობლემა ნათესავები იქნებოდნენო. შემდეგ თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი პრობლემა მართლაც იყო ნათესავები. ასევე თქვით, რომ გარჩევებიც მქონდაო ამ ხალხთან და ზოგიერთი მათგანი ახლა ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. თუ შეგიძლიათ გვითხარათ, რატომ არ უშვებდით და არ უშვებთ ამ ხალხს სახლში. რა დააშავეს მათ? იყვნენ თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი, მედიაში ასე მოინათლა ისინი. იყვნენ თუ არა ისინი ჩართულები კორუფციულ სქემებში. თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართულები, რამდენად ადეკვატურია, რომ უბრალოდ სახლში არ უშვებთ ამ ხალხს. იქნებ მათ სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი. ან რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი ისევ გაპრემიერების შემთხვევაში, და ახლა დიდი მარჩიელობა არ უნდა იმას რომ დღეს თქვენ აგირჩევენ პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ, რა გარანტია გვაქვს, რომ როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში ისევ არ დაფაცურდება ეს ხალხი და სულ მცირე თქვენგან ისევ საყვედურს არ მიიღებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი