ახალი ამბები

ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველო ქრება, სანამ ოპონენტებს ებრძვით — ელისაშვილი ღარიბაშვილს

22 თებერვალი, 2021 • 912
ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველო ქრება, სანამ ოპონენტებს ებრძვით — ელისაშვილი ღარიბაშვილს

“ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს?” — ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე. ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები შეახსენა და ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ ცდება, როცა ამ ფონზე ოპოზიციის რადარებიდან გაქრობას “მთავარ გამოწვევად” წარმოადგენს.

“ამ წლების განმავლობაში ვხედავ, რომ თქვენ მართლა გულწრფელად ებრძვით და მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის მთავარი ფუნქციაა, ებრძოლოს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ… რადარებიდან უნდა გაგაქროთ, გაგანადგუროთ, გაიძახოდით… ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო, სანამ თქვენ ოპონენტებთან ასე დაჟინებით ბრძოლაში ხართ, ჟინით ხართ შეპყრობილი? ეს ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება ამასობაში.

ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? აი, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ, მაგალითად? თქვენ წლებია, მაღალ თანამდებობებზე ხართ და იქნებ კავშირი გაგიწყდათ? იქნებ დაგავიწყდათ, რომ ლუკმაპური ენატრება ხალხს?

დღეს გაფაციცებით გისმენდით. ერთხელ არ გითქვამთ ქამრების შემოჭერა, ზრდილობის გულისთვის მაინც. იცით თუ არა, რომ კორონავირუსამდე, 2019 წელს, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ვამბობ, რომ 19.5% მოსახლეობისა იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ?.. კორონავირუსმა ალბათ გააორმაგა ეს მონაცემი”,  — მიმართა “მოქალაქეების” ლიდერმა ღარიბაშვილს.

ამის შემდეგ ელისაშვილმა სხვა სოციალური პრობლემებიც ჩამოთვალა, შეეხო პენსიონერებისა და ომის ვეტერანების საკითხსაც:

“იცით თუ არა, რომ ყოველ მეორე პენსიონერს წინასწარ ნახევარი წლის პენსია აქვს გამოტანილი და შემდეგ, რომ ვერ იხდიან, 50%-ს, როგორც ბიზნესმენებს უჭრის ლიბერთი ბანკი, ისე არაადამიანურად ექცევა პენსიონერებსაც და ჩარიცხვისთანავე 50%-ს აჭრის?.. ეს ამბავი იცით თუ არა?

იცით თუ არა, რომ პენსიონერებს მთელი თანხა, რაც მორჩებათ, მედიკამენტებში ეხარჯებათ? რატომ ხდება, რომ თქვენმა მთავრობამ, “ქართულმა ოცნებამ”, წლების მანძილზე ამ საკითხს ვერაფერი მოუხერხა? გუშინაც ვკითხე ჯანდაცვის მინისტრს, იქნებ ვინმე ხელს ითბობს ამაზე, რომ ჩვენს გვერდზე ქვეყნებთან შედარებით ხუთმაგი ფასი აქვს ჩვენთან მედიკამენტებს?

თავდაცვის მინისტრი იყავით. იცით თუ არა, რომ ათი ათასობით ადამიანი, რომელიც სამაჩაბლოში თუ აფხაზეთში მკერდსა და შუბლს უშვერდნენ მტერს საქართველოსთვის, 22 ლარი, ბოდიში ვეტერანებთან, მათხოვრული თანხა აქვთ თვიდან თვემდე?.. იცით, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, ბავშვებს საჭმელი რომ ენატრებათ და იზრდებიან ისე, რომ ხორცი არ აქვთ გასინჯული?

ასეთ ქვეყანაში გამოდიხართ, კიდევ მუშტებს აბრახუნებთ და იძახით, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგუროთ. ეს მიგაჩნიათ მთავარ გამოწვევად. ხომ არ ფიქრობთ, რომ ცდებით?”

აღნიშნულ სხდომაზე კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი