Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს ეკლესია უნდა გააქტიურდეს” | ლადო ნარსია აფხაზური ეკლესიის შესახებ

22 თებერვალი, 2021 • 2014
“საქართველოს ეკლესია უნდა გააქტიურდეს” | ლადო ნარსია აფხაზური ეკლესიის შესახებ

“აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყვეტილია, ამასთან, ტაძრები ღია რჩება მრევლისთვის”, – განაცხადა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის [აფხაზური ეკლესიის პრორუსული განშტოება] ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიაამ აფხაზურ მედიასთან საუბარში. მისი განცხადებითვე, ის იმედოვნებს, რომ მოსკოვის პატრიარქი აფხაზური ეკლესიის სიტუაციას გადაწყვეტს და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიას სტატუსს მიანიჭებს.

აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია – საქმიანობს. პირველი მათგანი ითხოვს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას. მეორე – რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს.

სტატუსის მოთხოვნის თემაზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადება ან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. “ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საპატრიარქოში.

რას ნიშნავს აფხაზური ეკლესიის მოთხოვნა სტატუსთან დაკავშირებით ახლა და რა რეაგირება უნდა ჰქონდეს საქართველოს ეკლესიას. ამ საკითხებზე თეოლოგ ლადო ნარსიას ვესაუბრეთ. 

ბატონო ლადო, რას უნდა ნიშნავდეს ბესარიონ აპლიაას მიმართვა რუსეთის პატრიარქისადმი სწორედ ახლა?

ის, რომ ეს საკითხი გააქტიურდა, არ შეიძლება იყოს უსაფუძვლო, თუმცა ადრეც ყოფილა მსგავსი გამოხდომები მისი მხრიდან. აპლიაა თვითმარქვიაა ფაქტიურად და მისი სტატუსი გამყარებულია რუსეთის ეკლესიის და სხვადასხვა სამსახურების მხარდაჭერით. პერიოდულად გამოდის ხოლმე მოთხოვნით, რომ რუსეთმა, თუნდაც ხისტი ჩარევით, აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის სტატუსი. ამავე დროს, ის გულისხმობს მხოლოდ იმ განშტოებისთვის სტატუსის მინიჭებას, რომელსაც ის თავად წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ მეორე განშტოებაც არსებობს საეკლესიო მიტროპოლიის სახით, რომელიც, შეიძლება ითქვას, უფრო ეროვნული ძალების მიერ არის მხარდაჭერილი.

რაც შეეხება ამჟამად ამ მოთხოვნის დაყენებას, სავარაუდოდ, აპლიაა მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალს, მათ შორის უკრაინის ეკლესიის საკითხს. მან იცის, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია ვერ, რუსეთის ეკლესია კი შეძლებს დაახლოებით მსგავსი მხარდაჭერის გამოხატვას აფხაზეთის ეკლესიის მიმართ.

თუმცა განსხვავება მნიშვნელოვანია – კონსტანტინოპოლის ეკლესიას რუსეთის ეკლესიისგან განსხვავებით გააჩნია ლეგიტიმური და კანონიკური უფლება ამგვარი სტატუსის მინიჭებისა, მაგრამ ვინაიდან კანონები რუსეთის მიერ უგულებელყოფილია ხშირ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ კიდეც, რომ რუსეთი გარკვეულ თამაშზე გადავა და მაქსიმალურად ეცდება, ეს საკითხი გარკვეული პოლიტიკური ვაჭრობის საგნად გახადოს.

აქ კი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიის ძალიან პრინციპული პოზიცია და მისი გააქტიურება.

რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს ეკლესიას ამ შემთხვევაში?

ეს საკითხი მანამდე დარჩება ღია, ვიდრე საქართველოს ეკლესია არ გამოხატავს ძალიან პრინციპულ პოზიციას. არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს აღიარებს, რადგან რუსეთი განსხვავებულად იქცევა, როგორც მას სჩვევია – ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.

მან აფხაზეთის ეკლესიის [რომელიც ბესარიონ აპლიაას დაქვემდებარებაშია] უკვე 11 სასულიერო პირი აკურთხა. ეს უკვე ცხადი სიგნალია იმისა, რომ საქართველოს ეკლესიამ სხვა ზომებს უნდა მიმართოს – უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე.

არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმა, მათ შორის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, სადაც შეიძლება დაისვას ეს საკითხი, როგორ და რა წესებით მოხდეს მსგავსი პრობლემების გადაწყვეტა.

აქ აშკარაა ის, რომ საქართველოს ეკლესიის უმაღლეს მმართველობას კარგად ესმის, რომ საკითხის ამგვარი განვითარება დააზარალებს რუსეთს. მსგავსი პროცესების შემდეგ რუსეთი აღმოჩნდება ჩიხში და ზიანი მიადგება მას, საქართველოს საპატრიარქოს კი რუსეთის ეკლესიის განაწყენება არ სურს. ურჩევნია, შეინარჩუნოს სტატუს-კვო ისეთი, როგორიც არის.

ტიტულატურას, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ ჩაემატა საქართველოს ეკლესიის უმაღლეს მწყემსმთავარს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ბიჭვინთისა და აფხაზეთის ეკლესიის მმართველს, რუსეთი არასოდეს აღიარებს. ესეც გარკვეული მინიშნებაა.

თუ გვსურს, დავინახოთ პრობლემის რეალური მიზეზი, მიზეზი არის ის, რომ რუსეთი უბრალოდ გვეთამაშება თავისი წესებით და თავის საქმეს აკეთებს იქ.

საქართველოს ეკლესია უნდა გაააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე და განახორციელოს სხვადასხვა მედიაცია და არა ის, რაც გააკეთა საქართველოს ეკლესიამ 2016 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლში ამ საკითხებზე მსჯელობაზე საერთოდ არ წავიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, იზოლაციონიზმი არის დამღუპველი და დამაზარალებელი საქართველოს ეკლესიისთვის და ამის მიხვედრა რთული არ არის. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, ეს არ ესმით. ძალიან კარგად ესმით და შეგნებულია ის პოლიტიკა და სტრატეგია, რასაც ეკლესია ახორციელებს. მათ მართლა მიაჩნიათ, რომ კონსტანტინოპოლი და საერთაშორისო ჩართულობა ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად არ უნდა გამოიყენონ, რადგან არ უნდათ გაანაწყენონ რუსეთი. ეს არის ამის მარტივი დასკვნა.

აფხაზური ეკლესიის გააქტურება ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსეთმა ახალი თამაში წამოიწყო ამ კუთხით და წინასწარ შეთანხმებულია ეს ნაბიჯი? თუ ცალმხრივი მიმართვაა?

რუსეთს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი საჯილდაო ქვა ჰქონდეს ნებისმიერთან იმისთვის, რომ სხვადასხვა დროს გაააქტიუროს. ჩვენ ვიცით, რომ დავითგარეჯის ამბები პირდაპირ არის მიბმული რუსულ ინტერესებთან. რაც მეტი ასეთი საჯილდაო ქვა და სავაჭრო საგანი ექნება რუსეთს საქართველოსთან და საქართველოს ეკლესიასთან, მით მეტია შანსები, რუსეთმა ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარ მიზანს მიაღწიოს.

ეს ამბავიც არის ერთ-ერთი ასეთი შანსი, თუმცა აპლიაამ ადრეც გააკეთა მსგავსი განცხადება.

თუმცა მაშინ ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა, ახლა უფრო რადიკალურად გამოიყურება მოთხოვნა.

ეს არაფერს ნიშნავს. ღვთისმსახურება რომ შეწყვიტოს და თუნდაც დაკეტოს ტაძრები, იქ არის ტაძრები, რომლებიც არ შეწყვეტენ ამას.

ეს არის პროტესტის უძველესი ფორმა. შუა საუკუნეებში ეს ნამდვილად წარმოადგენდა სახელმწიფოსთან დაპირისპირების ფაქტორს, თუმცა დღეს პროტესტის ეს ფორმა არაფერს ნიშნავს. თუმცა, ცხადია, აპლიაა რუსეთის კარნახით ცდილობს გააჩინოს ახალი სავაჭრო თემა საქართველოს ეკლესიასთან სალაპარაკოდ.

ზოგადად რას ფიქრობთ აფხაზეთის ეკლესიის სტატუსზე, პირდაპირ მიბმულია ის პოლიტიკურ სიტუაციას და დეოკუპაციის პოლიტიკას?

როგორ შეიძლება ასე არ იყოს და სხვაგვარი განმარტება მიეცეს. განსხვავებული ინტერპრეტაციები თუ განმარტებები შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, რომ არ ვიცოდეთ ის, რომ რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად 11 სასულიერო პირი აკურთხა ამ დროის განმავლობაში. მათი ეპისკოპოსი ლოცვებს ატარებს იქ და კურთხევას გასცემს. რუსეთის ეკლესია არაფერს კარგავს, პირიქით, ის არის მოთამაშე, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას იმეორებს. ყოველი მისი სტრატეგიული პოლიტიკა არის პირდაპირი არეკვლა კრემლის პოლიტიკისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი