ახალი ამბები

დეპუტატის თქმით, ენმ-ის “ფსიქოლოგიური ტერორის” გამო “ოცნების” მიმართ ნდობა განელდა

22 თებერვალი, 2021 • 626
დეპუტატის თქმით, ენმ-ის “ფსიქოლოგიური ტერორის” გამო “ოცნების” მიმართ ნდობა განელდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირმა ზავრადაშვილის აზრით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან “ფსიქოლოგიური ტერორის” გამო “ქართული ოცნების” მიმართ “ნდობა განელდა”. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში, ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვის დასმისას ისაუბრა.

ზავრადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

“2012 წელს ხალხმა უარყო ძალადობა. აღარ უნდოდა ძალადობა, დაჭერა, წამება და ძალიან დიდი იმედით შეხედა ქართულ ოცნებას. მაშინ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ძალადობრივიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდოდა ყოფილი მმართველი პარტია და ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფებდა ადამიანს… ადამიანებს, რომლებიც დღეს ტელევიზორებს უყურებენ, დღემდე… მათ ტელევიზიებს ვგულისხმობ.

მე მაქვს თქვენთან ასეთი კითხვა, ამ ყველაფრის გამო, ასეა თუ ისე, ქართული ოცნების მიმართ ნდობა განელდა. რას აპირებთ იმის გასაკეთებლად, რომ 2012-წლიანების და ძალიან ბევრი ადამიანის ნდობა აღადგინოთ?” — მიმართა დეპუტატმა ღარიბაშვილს.

დღესვე, 22 თებერვალს, გაიმართება პლენარული სხდომა, რომელზეც კენჭს უყრიან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი