ახალი ამბები

მითია მცირე სახელმწიფოს იდეა – ღარიბაშვილი

22 თებერვალი, 2021 • 1341
მითია მცირე სახელმწიფოს იდეა – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტროს კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში აქტიურად უნდა ჩაერიოს და ეკონომიკის განვითარება ე.წ. უხილავ ხელზე არ უნდა იყოს მინდობილი. დღეს, 22 თებერვალს, პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ თვითდინებით ევროპის ქვეყნები და ამერიკა არ განვითარებულან.

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ უკვე 30 წელია. მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. ვფიქრობ, რომ სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითია სუსტი, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობ,ს რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად შეიძლება ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც ქვეყანაში და მსოფლიოში დღეს არის შექმნილი. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც გახარიას მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იყო. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს წარადგინა მინისტრობის კანდიდატების სია, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი