ახალი ამბები

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე იყრის კენჭს | აბუსერიძე მონაწილეობას არ იღებს

22 თებერვალი, 2021 • 1723
რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე იყრის კენჭს | აბუსერიძე მონაწილეობას არ იღებს

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი იოსებ (სოსო) ტყემალაძე დარეგისტრირდა. კავშირის ცნობით, მისი კანდიდატურა 24-მა კლუბმა წარადგინა.

ეს კლუბებია:

სარაგბო კლუბი ბათუმი
რაგბის კლუბი აია
სარაგბო კლუბი დინამო
რაგბის კლუბი ლელო
რაგბის კლუბი ს.ტ.უ ყოჩები
ქუთაისის რაგბის კლუბი ბაგრატი
რაგბის კლუბი არესი
ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი – არწივები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი ტაო
რაგბის კლუბი ყაზბეგი
რაგბის კლუბი კახეთი
სარაგბო კლუბი ფირალები
წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანება – დინოზავრი
სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება ჭიათურის რაგბის სპორტული სკოლა
ვანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმოე (არაკომერციული) იურიდიული პირი სარაგბო კლუბი აიაეტი
ქალაქ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება
სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა – ფოთის კოლხი რაინდები
სპორტული სარაგბო კლუბი იუნკერები
შპს სარაგბო კლუბი პონტო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი
რაგბის მოყვარულთა კლუბი დევები
ბორჯომის სასპორტო სკოლა
რაგბის კლუბი წიქარა
რაშები

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალსაა დანიშნული, თუმცა კლუბების ნაწილი, ყოფილ პარლამენტარ და მორაგბესთან, ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და უკანონოდ მიიჩნევენ.

„ძველ გამგეობას უნდა, რომ ეს ადამიანი მოიყვანონ და დასვან, რომ იგივე გაგრძელდეს, რაც აქამდე მიდიოდა რაგბში. დე ფაქტო არჩევნების ჩატარება უნდათ და დე ფაქტო პრეზიდენტის დასმა. ჩვენ ვემიჯნებით ამ პროცესს, რადგან არჩევნები ირაკლი აბუსერიძემ მოიგო“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ვეტერანმა მორაგბემ, ბობა კვინიხაძემ, რომელიც ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერი გუნდის წარმომადგენელია.

არჩევნები და ბრალდებები

რაგბის კავშირის პრეზიდენტის საკითხი, დიდი ხანია, სადავოა: არჩევნები ჯერ კიდევ 2020 წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე, 24 თებერვლისთვის გადაიდო.

2020 წლის 24 თებერვალს კი კენჭისყრა ქვორუმის (ანუ საკმარისი წევრების) არარსებობის გამო ვერ შედგა. საბოლოოდ არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, 2016-20 წლების პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და ლაშა (ბაჩო) ხურციძე, თუმცა ხურციძემ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

დარჩენილმა წევრებმა პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. აქედან ერთ კვირაში, 2021 წლის 6 იანვარს, ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად; ასევე, მოითხოვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის არგუმენტები

საჯარო რეესტრი 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს, განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის ქვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც, ხოლო:

„ირაკლი აბუსერიძის მიერ  წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ,  საკმარისი ქვორუმი არ იყო“, – წერია განცხადებაში.

„აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში ქვორუმის არარსებობის გამო  ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა. თუმცა კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ ის პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება. სინამდვილეში კი კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა“, – წერს საჯარო რეესტრი.

„ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც  პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული,  ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო,  განიხილეს/კენჭი უყარეს რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევას“, – აცხადებენ უწყებაში.

საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა  რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე: „ორივე შემთხვევაში  კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის  და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი“, – წერია რეესტრის განცხადებაში.

აბუსერიძის პოზიცია

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მათ 4 თებერვალს, როდესაც რეესტრში აბუსერიძის საქმე განიხილებოდა, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციაზე არაერთი მოქმედი და ვეტერანი მორაგბე იმყოფებოდა.

როგორც ბობა კვინიხაძემ 22 თებერვალს უთხრა „ნეტგაზეთს“, ირაკლი აბუსერიძე არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს 24 თებერვლის კენჭისყრაში, რადგან ის ლეგიტიმურად უკვე აირჩიეს 2020 წლის დეკემბრის ბოლოს და მისი მხრიდან ახალი არჩევნების აღიარება უკანონობის ლეგიტიმაცია იქნება.

ვინ არის სოსო ტყემალაძე

იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენია. როგორც 18 თებერვალს დაუდასტურა ტვ „პირველს“, ჩართულია აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებში, — რაც ექსპერმიერ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მას მხარს ბიძინა ივანიშვილი, მან უპასუხა, რომ ამ თემაზე არ უსაუბრია და ასევე განაცხადა:

„ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ ეს, მაგრამ მე მგონი, რომ რაგბს რასაც მხარს უჭერს, მაგაზე მეტი მხარდაჭერა აღარ არსებობს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი