ახალი ამბები

სად არის ბადრი ესებუა? – ელისაშვილის კითხვა და გომელაურის პასუხი

21 თებერვალი, 2021 • 5121
სად არის ბადრი ესებუა? – ელისაშვილის კითხვა და გომელაურის პასუხი

სად არის ბადრი ესებუა? – ეს კითხვა დღეს პარლამენტთი დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს დაუსვა.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, მთავრობის მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში მოხსენებებით მივიდნენ. მათ შორის არის შს მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური.

ელისაშვილმა გომელაურს ჰკითხა ასევე ისიც, მიაჩნდა თუ არა მას რომ „ზუგდიდის ოპერაციის შემდეგ, თქვენი მხრიდან უფრო მართებული იქნებოდა, რომ აღარ ყოფილიყავით მინისტრთა კაბინეტში?“

გომელაურმა ამ კითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ მას ზუგდიდის სპეცოპერაცია ჩავარდნილად არ მიაჩნია.

„ოპერაცია იყო მაღალ დონეზე ჩატარებული, მე ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა, კარგად ვიცი ეს საქმე, იქ საშიშროება იყო, რომ ადამიანები დაიღუპებოდნენ. მე ამაყი ვარ, წამოვედი იქიდან.. მე ნამუსი არ მაწუხებს… მე ამაყი ვარ, რომ იქ არც ერთი ადამიანი არ დაშავდა, ერთი თმაც კი არ ჩამოუვარდა არავის. ამაზე თამამად ვსაუბრობთ. დაკავებული რომ არ არის, ეს მეორე თემაა. ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავაკავოთ,“ – თქვა გომელაურმა.


ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. 26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

გომელაურის თქმით, ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია

მასალების გადაბეჭდვის წესი