ახალი ამბები

2012 წელს დაწყებულმა მოძრაობამ გაგვათავისუფლა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან – ღარიბაშვილი

21 თებერვალი, 2021 • 676
2012 წელს დაწყებულმა მოძრაობამ გაგვათავისუფლა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციის მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ ძალას „ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი კონსტიტუცია.

ღარიბაშვილმა პარლამენტის წინაშე თავდაპირველად მოულოცა მოქალაქეებს დღევანდელი დღე, შემდეგ კი კონსტიტუციაზე საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„უნდა ითქვას პირდაპირ, რომ ამ ძალას ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი კონსტიტუცია. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნება-სურვილს დაექვემდებარა და მოერგო. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, მხოლოდ იმ ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ უვადოდ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლის მმართველობა. სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც ქართველი ხალხის ნებით, ანტიკონსტიტუციური მმართველობა შეიცვალა,“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წელს მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის გამართვა დაიწყო, რაშიც დიდი წვლილი ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. სწორედ ამ დოკუმენტით:

„ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ აღარასდროს მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება მოქალაქეების ინტერესების დაკნინების ხარჯზე. ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით, რომ ქვეყნის ძირითად კანონს ვეღარასდროს მოირგებს საკუთარ თავზე რომელიმე პოლიტიკური ძალა თუ მმართველი. ამ კონსტიტუციით ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით ყველა იმ კულტურულ მარკერზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას, და რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეებს – ოჯახსა და ეკლესიას ეფუძნება.

„2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ქვეყანა გაათავისუფლა, პირდაპირ ვიტყოდი, ნეობოლშევიკური რეჟიმისგან. მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციითდან გასული უზურპატორობის კანონის ფარგლებში დაბრუნება იყო. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ.

ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა, მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლევს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან. დღეს 21-ე საუკუნის, არც ამას მოვერიდები – შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისვეე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი