ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ნიკოლი მოღალატეა” – ერევანში ოპოზიცია ისევ შეიკრიბა

20 თებერვალი, 2021 • 620
“ნიკოლი მოღალატეა” – ერევანში ოპოზიცია ისევ შეიკრიბა

ერევანში თავისუფლების მოედანზე ოპოზიციური “მოძრაობა სამშობლოს დასაცავად”, რომელიც პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის 2020 წლის ომში დამარცხების მთავარ დამნაშავედ მიიჩნევს, დღეს, 20 თებერვალს მიტინგს მართავს.

მოძრაობის ლიდერმა ვაზგენ მანუკიანმა პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის გეგმა “ა” და გეგმა “ბ” წარმოადგინა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

მიტინგზევე ითქვა, რომ ფაშინიანი საკუთარი ნებით არ დატოვებს თანამდებობას, რამდენი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს მის წინააღმდეგ, შესაბამისად, ოპოზიციის აზრით, საჭიროა იმ ჯგუფებთან მუშაობა, რომელსაც ფაშინიანი ეყრდნობა – ესენი არიან საკითხში გაუცნობიერებელი მოქალაქეები, ძალოვანი სტრუქტურები და ფაშინიანის მხარდამჭერი დეპუტატები. პირველი გეგმის განუხორციელებლობის შემთხვევაში კი, ოპოზიციის განცხადებით, ისინი მეორე – რევოლუციის გზას აირჩევენ.

დღევანდელ მიტინგზე ოპოზიციამ 22 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქცია დააანონსა.

“მოძრაობა სამშობლოს დასაცავად” ათზე მეტ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიას აერთიანებს.

ოპოზიცია წინააღმდეგია ვადამდელი არჩევნების ჩატარების, რამდენადაც, მათი მტკიცებით, ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებს. ამავე დროს, ხელისუფლება აცხადებს, რომ საზოგადოების დაკვეთა არ არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი