ახალი ამბები

საქსტატი: 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 20.4%-მდე გაიზარდა

19 თებერვალი, 2021 • 710
საქსტატი: 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 20.4%-მდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის განცხადებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.0 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, საქსტატის განცხადებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თქმით, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 2.4 და 2.3 პროცენტული პუნქტით.

განახლებული მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამასთან, 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.0 პროცენტული პუნქტით:

“უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4.7 პროცენტული პუნქტით” ,- აცხადებენ საქსტატში.

საქსტატის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.  საქსტატის თქმით, 2020 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.5 პროცენტული პუნქტით.

 

2020 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 2.8 და 1.7 პროცენტული პუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი