ახალი ამბები

გვწამს, რომ ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგშია – ევროკავშირი

18 თებერვალი, 2021 • 894
გვწამს, რომ ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგშია – ევროკავშირი

ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანო საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს:

„ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილების, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაქსიმალურად თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავიდან აიცილონ ვითარების ესკალაცია“.

„ევროკავშირს მტკიცედ სწამს, რომ [მხარეებმა] პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგის გზით შეიძლება მიაღწიონ. ქვეყნისა და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ [მხარეებს] დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ“, – წერია 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, პოლარიზაციის გაღრმავების თავიდან ასარიდებლად და პარტიათაშორისი შეთანხმების მისაღწევად პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობაა საჭირო:

„საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, სხვა გზებთან ერთად, ამბიციური და ინკლუზიური სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმების გზით. ასევე, პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კორონავირუსის პანდემიისა და მისი შედეგების ეფექტურად მოგვარების წინაპირობებია“.

„ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში“, – აცხადებს ის.

რამდენიმე დღეა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება: 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ყოფილი პრემიერი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ნახეთ ასევე:

განიმუხტოს დაძაბულობა, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – ბრიტანეთის საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი