ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატად დასახელებაში ივანიშვილს წვლილი არ მიუძღვის

18 თებერვალი, 2021 • 572
მდინარაძის თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატად დასახელებაში ივანიშვილს წვლილი არ მიუძღვის

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გუნდმა დაუჭირა მხარი და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს კავშირი არ აქვს.

მდინარაძე აცხადებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებულია და მასზე საუბარი სპეკულაციაა:

“არავის არაფერი დაუბარებია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან. არამხოლოდ ჩვენი პარტიიდან, ზოგადადაც, ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია პოლიტიკიდან.

იცით თქვენ ეს, იციან ჩვენმა ოპონენტებმაც, მაგრამ მათი ისტერიიდან გამომდიანრე ხშირად გვესმის მისი სახელი. ეს, ბუნებრივია, მესიჯბოქსის ნაწილია და დავიწყება უჭირთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი და ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის სიმართლეს. მათ შორის იმ სიმართლეს, რომ გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა და მხარი დაუჭირა ირაკლი ღარიბაშვილს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ღარიბაშვილის გარდა სხვა კანდიდატურა არ განხილულა.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

დღესვე გაიმართა პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა. პარტიის წევრთა გადაწყვეტილებით, პარლამენტს დასამტკიცებლად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი