ნეტგაზეთი | “ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს” — ელისაშვილი ღარიბაშვილზე “ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს” — ელისაშვილი ღარიბაშვილზე – Netgazeti
RU | GE  

“ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს” — ელისაშვილი ღარიბაშვილზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

“ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ ვითარებაში “ქართულ ოცნებას” უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა სიტუაციის დეესკალაციისთვის, სიტუაციის განმუხტისთვის, ვინც იქნებოდა მოლაპარაკების მომხრე, ვინც შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას, გათვალისწინებას. ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც “ნაციონალების” ცოცხლად შეჭმა უნდა”, — განაცხადა TV პირველის ეთერში ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ეს მანიშნებელია, რომ “ქართულ ოცნებას” ვერანაირი დასკვნა ვერ გამოაქვს  და ჯიუტად განაგრძობენ დაპირისპირებისა და ესკალაციის პოლიტიკას”.

“ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი და ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და ისევ კუნთების თამაშს განაგრძობს “ქართული ოცნება” იმის ნაცვლად, რომ ყველამ ამოვისუნთქოთ და დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები, რაღაცაზე შეთანხმდეს ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. ამის ნაცვლად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე კონფრონტაციული და ყველაზე მოძულე ოპოზიციის”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.

დღესვე გაიმართა პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა. პარტიის წევრთა გადაწყვეტილებით, პარლამენტს დასამტკიცებლად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com