ახალი ამბები

გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელი აპლიკაცია 65 821-მდე ადამიანმა შეავსო — სააგენტო

18 თებერვალი, 2021 • 2078
გერმანიაში სამუშაოდ წასასვლელი აპლიკაცია 65 821-მდე ადამიანმა შეავსო — სააგენტო

18 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით დასაქმების მიზნით რეგისტრაცია უკვე 65 821 ადამიანმა გაიარა. ეს არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც შეავსეს აპლიკაცია „დროებითი დასაქმება გერმანიაში“. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ეს აპლიკაცია 35 ათასამდე ადამიანს ჰქონდა შევსებული. ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

რეგისტრაციის მეორე დღეს, 16 თებერვალს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალურად შექნილ საიტზე, სადაც საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების მიზნით უნდა დარეგისტრირდენენ [თუმცა ამ დროისთვის სააგენტო მხოლოდ გერმანიაში დასაქმებას სთავაზობს], 53 274 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან უშუალოდ  სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121-მა პირმა შეავსო:

“სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ შეავსო 35 121-მა პირმა”, — წერია ნეტგაზეთისთვის 16 თებერვალს გამოგზავნილ ინფორმაციაში.

გერმანიაში დროებით დასაქმების მიზნით რეგისტრირებული მოქალაქეების სტატისტიკაზე ნეტგაზეთმა ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ს 17 თებერვალსაც მიმართა და პასუხი დღეს, 18 თებერვალს მიიღო. ოფიციალურად გამოგზავნილ ინფორმაციაში მხოლოდ უშუალოდ სააპლიკაციო ფორმა — „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ — რეგისტრირებულთა რიცხვი გვითხრეს, რაც  2 დღის წინ 35 121-ს შეადგენდა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი: 18-დან 60 წლამდე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკურად ჯანმრთელი;
  • უნდა ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი