ახალი ამბები

ხელისუფლება ჰაერშია, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია – ხუხაშვილი

18 თებერვალი, 2021 • 910
ხელისუფლება ჰაერშია, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია – ხუხაშვილი

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გარდაუვალ მოცემულობად განიხილავს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ამომრჩეველს ხელიდან გამოეცალა პარტიისადმი მისი მხარდაჭერის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტი- გახარიას ფიგურა. ხუხაშვილის აზრით, აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან წასვლით “მაღალი პოლიტიკური კლასი” აჩვენა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი — ირაკლი ღარიბაშვილი თუ ვინემ სხვა — და ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია, ვინაიდან აღნიშნულ კაბინეტს ექნება ერთადერთი ფუნქცია: “მომავალ არჩევნებამდე მიაგოროს ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და შემდეგ წავიდეს სახლში”:

“მთავრია, ჩვენ აფექტში მყოფ ამ ჯგუფს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ მორიგი სისულელე ჩაიდინოს და კუდი მოიქნიოს. რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. შესაბამისად, ყველას ვურჩევდი, მოვეშვათ, ვიფიქროთ ქართულ სახელმწიფოზე, დავალაგოთ ტექნიკურად, როგორ მივდივართ ამ მომენტამდე ისე, რომ ნაკლები რყევა გვქონდეს. ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ყველამ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის და განვაგრძოთ ცხოვრება.

იქ ვინც დარჩა, ადეკვატურობას და ლოგიკას ვერ მოვთხოვთ. გარკვეული სამუშაოს ჩატარება ალბათ საჭირო იქნება, რადგან აფექტში მყოფი სუსტი, შეშინებული პოლიტიკური სისტემის გათვლა არის შეუძლებელი.

ისინი შეეცდებიან იყვნენ მაქსიმალურად აგრესიულები და ისევ კუნთების თამაშზე გააკეთონ აქცენტი, რაც სრული აბსურდია არსებულ ვითარებაში, ვინაიდან გახარიას გადადგომით თვითონ სისტემას შეეყარა კოროზია. რაც უფრო გაჯიუტდებიან კობახიძე და მისი რაზმი, ეს მხოლოდ მათივე მომავალს დააზიანებს”.

პოლიტიკურ კომენტატორს მიაჩნია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს და ის, რომ პარტიაში პრობლემები არსებობდა, აქამდეც იყო ნათელი. ხუხაშვილის თქმით, გახარიამ აჩვენა პოლიტიკური კლასი, რითაც სიტუაცია განმუხტა:

“გაგახსენებთ, როდესაც დავითგარეჯზე ერთი ამბავი ატეხა ქართულმა ოცნებამ, გახსოვთ გახარიას განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ამ თემის პოლიტიზებას არ მოვახდენთ, რადგან ამაზე საუბრები აზიანებს სახელმწიფო ინტერესს და ა.შ.

ასე რომ, პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრი იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის განხილვას ახლა აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ მან აჩვენა გარკვეული პოლიტიკური კლასი. როდესაც პოლიტიკური კრიზისის პიკზე, მომენტში, როცა დრამატულად შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, მან გადადგა ნაბიჯი, რომელმაც განმუხტა სიტუაცია.

ანუ, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან მომენტში გადადგა ის ნაბიჯი, რაც ქვეყანას სჭირდებოდა”.

ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ გახარიას გადადგომა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ ნიშნავს. მისი თქმით, ამ დრომდე “ქართული ოცნების” ელექტორალური ხაზი ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიაზე გადიოდა და დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიის ამომრჩევლებს გახარიას ფიგურაც გამოეცალათ.

“…შესაბამისად, ჰაერშია ეს ხალხი დარჩენილი: ბიძინა ივანიშვილი წავიდა — ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად —  და გახარია, რომელიც ბოლო არგუმენტი იყო ამ ხალხისთვის საკუთარ სინდისთან, თუ რატომ აძლევენ “ოცნებას” ხმას, ესეც გამოეცალა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება უკვე ჰაერშია. ლეგიტიმაცია მთლიანად დაკარგული აქვს”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. პარტიამ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

რამდენიმე საათით ადრე, თანამდებობა დატოვა აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მან თქვა, რომ არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი