ახალი ამბები

ერთადერთი, ვინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გახარიაა – ელისაშვილი

18 თებერვალი, 2021 • 687
ერთადერთი, ვინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გახარიაა – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” თავისი ქმედებებით მიხეილ სააკაშვილს ეხმარება, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

“ერთი მხრიდანაც ვხედავთ კუნთების თამაშს და მეორე მხრიდანაც. ისე ხართ 9 წელია გართულები ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ჩვენი ქვეყანა ხრამში გადაიჩეხა. რას აკეთებთ, შედეგი რა არის? სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ, რომ თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანშით ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს- მეგის ქარდავა, ეს გინდათ, როგორც ჩანს, თქვენ ეს გინდათ და რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. რასაც ვხედავთ, ყველა პროცესი აქეთ მიგყავთ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ადამიანი, ვინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი გახარიაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.

“ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს. თქვენ, „ქართული ოცნება“, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ. ამას ვამბობდით სულ, რის გამოც ჯვარს გვაცვეს, მოლაპარაკებებას ალტერნატივა არ აქვს, დასხედით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს. იქითაც საქართველოა და აქეთაც, შუაში არის გაღატაკებული საქართველო . ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია, არის კაცი, რომლის მიმართაც ყოველთვის უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა. პრემიერ-მინისტრმა სწორი გაწყვეტილება მიიღო, რომ გადადგა. ქვეყანა არ შეიყვანა კიდევ უფრო დაპირისპირებაში და გამოუვალ ჩიხში. ამდენად, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, დასხედით და დაილაპარაკეთ, ეს სიტუაცია უნდა განიმუხტოს”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი