ახალი ამბები

ოპოზიციონერი ლიდერები და აქტივისტები ღამით ენმ-ის ოფისში დარჩენას აპირებენ

18 თებერვალი, 2021 • 759
ოპოზიციონერი ლიდერები და აქტივისტები ღამით ენმ-ის ოფისში დარჩენას აპირებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციასა რ მისცემენ ნიკა მელიას დაკავების უფლებას.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დარჩენას გეგმავენ და მშვიდობიანი ფორმით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას:

“ჩვენ ვაპირებთ აქ დარჩენას. ახლა მზარდი მშვიდობიანი პროტესტის საჭიროება ძალიან დიდია, ამიტომ ყველანაირად ვეცდებით, რომ დავრჩეთ ამ მშვიდობიანი პროტესტის ავანგარდში”, – განაცხადა ბუაძემ.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშველის განცხადებით კი, ოპოზიციის წარმომადგენლები” ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დარჩენას და მორიგეობას გეგმავენ.

“24 საათი მზად ვართ ბრძოლისა და თავდაცვისთვის, ამიტომ ეს საკითხები შეთანხმებული და გადაწყვეტილია. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, აქ იქნება ჩვენი სადარაჯო პუნქტი, მაგრამ პროტესტი გაიშლება მთელ საქართველოში და მიადგება ივანიშვილის სასახლეებს”, – განაცხადა ნათელაშვილმა ნეტგაზეთთან.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი პარტიის ოფისში ელოდებიან საზოგადოების მობილიზებას: “ჩვენ აქ ვიქნებით ყიველდღე, აქ იქნება ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც იცავს არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია. ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი გახდეს”, – უთხრა უდუმაშვილმა ნეტგაზეთს. პარტიის ოფისში იმყოფება “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც, რომლის თქმითაც, ისინი მშვიდობიანი პროტესტის გზით შეეცდებიან, რომ ნიკა მელიას დაკავება არ დაუშვან.


თბილისის საქალაქო სასამართლომ  17 თებერვალს “ნაციონალური მოძრობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი