ახალი ამბები

ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას – უგულავა სპეცრაზმზე

17 თებერვალი, 2021 • 468
ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას – უგულავა სპეცრაზმზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ სპეცრაზმი ენმ-ის ოფისში მივა, პროპორციულ წინააღმდეგობას გაუწევენ.

ამის შესახებ უგულავამ “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციის ლიდერები და  მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

“ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება სპეცრაზმი დაიძრას, რაზეც ერთობლივი პასუხი არის სიტყვები ფსალმუნიდან: “ისინი ეტლებითა და ჰუნებითა და ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ”. მოვლენ, დავხვდებით. არც ნიკა და არცერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება, ჩვენ ვიქნებით მტკიცე, ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას. იმიტომ, რომ ჩვენს მხარესაა სამართლიანობა, მათ ხელშია სამართალი, ჩვენკენ არის სამართლიანობის განცდა”,— განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონიძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილნი არიან პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ “ფიზიკურად დაიცავენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემენ მისი დაკავების საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი