ახალი ამბები

ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს – NGO-ები

17 თებერვალი, 2021 • 834
ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ, როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირების საკითხი და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, ოპოზიციური ლიდერის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენება შერჩევით მართლმსაჯულებაზე მიანიშნებს.

როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას. მათი თქმით, ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

მათი თქმით, აღკვეთის ღონისძიების დარღვევა არ უნდა იყოს პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი, მით უფრო, როცა დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი და გამოძიება დასრულებულია.

“ნიკა მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ამ საქმის ფარგლებში, 2019 წლის 26 ივნისს, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შაბლონური და დაუსაბუთებელი წინადადების საფუძველზე მოუხსნა, ხოლო სასამართლომ, 30 000 ლარიან გირაოსთან ერთად, დამატებით ღონისძიებად საცხოვრებელი ადგილის დატოვებისა და საჯარო განცხადებების გაკეთების აკრძალვა დაუწესა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მისი უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ ხელყოფას წარმოადგენს.

2020 წლის პირველ ნოემბერს, სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევად შეაფასა და გირაოს რაოდენობა 70 000 ლარამდე გაუზარდა, ხოლო გადახდის ბოლო ვადად 2020 წლის 23 დეკემბერი განისაზღვრა. საქართველოს პროკურატურას, ვადის გასვლიდან თვენახევრის განმავლობაში, რეაგირება არ ჰქონია და საქმეს მსვლელობა მხოლოდ 2021 წლის 5 თებერვალს მისცა. საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდებების მიუხედავად, გაუმჭვირვალე პროცესით, საქართველოს პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა”, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, გაიაზროს საქმეში არსებული გარემოებები, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური კონტექსტი და უარი თქვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებენ, დეტალურად იმსჯელოს პატიმრობის შეფარდების საფუძვლებსა და ლეგიტიმურობაზე.

“ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ განხორციელებული შერჩევითი დევნა გამოუსწორებლად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და პოლიტიკური პოლარიზების ფონზე დესტაბილიზაციის რეალურ რისკს აჩენს. შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება. ამ დრომდე ხელისუფლების, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა მხოლოდ გააღრმავა არსებული კრიზისი. სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად მოვუწოდებთ მხარეებს სიმშვიდისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებისაკენ”, —აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ:

    1. ღია საზოგადოების ფონდი
    2. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TIG)
    3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    4. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
    5. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
    6. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
    7. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
    9. საფარი
    10. ცენტრი ემპათია
    11. საზოგადოება და ბანკები
    12. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
    13. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
    14. ლიბერალური აკადემია
    15. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    16. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
    17. საქართველოს პენ ცენტრი (PEN Georgia)
    18. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
    19. მწვანე ალტერნატივა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი