ახალი ამბები

“არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის” — სააკაშვილი მელიას საკითხზე ივანიშვილს მიმართავს

17 თებერვალი, 2021 • 572
“არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის” — სააკაშვილი მელიას საკითხზე ივანიშვილს მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ცუდსა და უარესს შორის არჩევანი ცუდზე გააკეთოს.

სააკაშვილის თქმით, ყველა სხვა გადაწყვეტილება, გარდა ნიკა მელიას არდაჭერისა, ივანიშვილისთვის ათასჯერ უარესია:

“მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე. დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ათასგვარ სისულელეზე. არავის ამის აღარ სჯერა, ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაცა ამაზე თვალს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არა მხოლოდ სანქციები არ აგცდება, პირადად შენ არ აგცდება სისხლის სამართლის საქმე. ორი არჩევანი გაქვს, ცუდსა და უარესს შორის.

ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებული რჩევა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლო გაქვთ, არდაჭერის გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უარესი პირადად შენთვის. ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაზლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება. იმის შემდეგ დაბრუნება აღარ არის შესაძლებელი. მაინც ვერაფერს დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს”, – ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც “ფეისბუკზე” ავრცელებს.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. პროკურატურა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე — აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

აღნიშნულს წინ უძღოდა პარლამენტის მიერ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება.

რა ხდებოდა მანამდე?

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს

მასალების გადაბეჭდვის წესი