ახალი ამბები

მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა – ადვოკატი

16 თებერვალი, 2021 • 968
მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა – ადვოკატი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულება — ივერი მელაშვილის მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადება, სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამის შესახენ ნეტგაზეთს მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა.

“დაერთო საქმეს მტკიცებულებად[მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი]. როგორ შეფასდება შემდგომ, სხვა საკითხია, მაგრამ მტკიცებულებად დაერთო”, — განაცხადა მარიკაშვილმა.

რა თქვა მელაშვილმა?

28 იანვარს “ტვ პირველის” ეთერში მელაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საზღვრის დადგენის პროცესში კონტრპროდუქტიულია მოლაპარაკების წარმოება ხისტი პოზიციით, ამით მტრულად განაწყობ პარტნიორ ქვეყანას.

“ეუბნები, რომ “მოდი, ვიმსჯელოთ”. მიდგომა “არა, გინდა თუ არა ჩვენია”, ჩათვალეთ [საქმის] გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიჰყვები ამ ყველაფერს… როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია… როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი, ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს. ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი და არ დაგითმობს არასოდეს. იმ საშუალებას, რაც მანამდე გვქონდა, აფუჭებ, მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას”, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილის ეს განცხადება კრიტიკის საფუძველი გახდა ხელისუფლების მხრიდან.

მელაშვილმა მის მიერ “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ მიზანი მიიღწევა არა “ურაპატრიოტული” დავის წარმოებით, არამედ ცივილიზებული მოლაპარაკებით, და სწორედ ამ ორ მიდგომას შორის განსხვავებებზე საუბრობდა.

მელაშვილის განმარტება: “მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა მოლაპარაკება”

მასალების გადაბეჭდვის წესი