ახალი ამბები

“ერთპარტიული მმართველობის აჩრდილი იზრდება” – იან კელი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე

16 თებერვალი, 2021 • 1155
“ერთპარტიული მმართველობის აჩრდილი იზრდება” – იან კელი მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პარლამენტის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას გამოეხმაურა.

იან კელი “ტვიტერზე” წერს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობის აჩრდილი იზრდება.

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

წინააღმდეგ ხმა მისცეს პარტია “მოქალაქეების” წევრებმა: ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ “ევროპული სოციალისტებიც”, თუმცა ოთხივე მათგანმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ქართული ოცნების” წევრებს, მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა პარტიის ყველა დეპუტატმა, ვინც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა.

ამით პარლამენტმა მიიღო დადგენილება “ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”. დადგენილება ეყრდნობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით და რეგლამენტის მე-11 მუხლს, რომელიც პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებს ადგენს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის შეთხვევაში დადგება დღის წესრიგში.


20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი