ახალი ამბები

პროტესტი მცხეთაში: ოპოზიცია სკოლის დირექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

16 თებერვალი, 2021 • 840
პროტესტი მცხეთაში: ოპოზიცია სკოლის დირექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, პარტია “ლელოს” წევრები და ელენე ხოშტარია, მცხეთის მერიასთან და მისაქციელის რწმუნებულის ოფისთან შეიკრიბნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის, მათ შორის, მისაქციელის სკოლის დირექტორები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარის თქმისთვის გაათავისუფლეს.

თავდაპირველად, პოლიტიკოსები და აქტივისტები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს, შემდეგ კი მისაქციელში გადაინაცვლეს და რწმუნებულთან შეხვედრას შეეცადნენ. როგორც “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, მათ ორივე შემთხვევაში სურდათ, ოფიციალური პირებისთვის დირექტორების საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ.

ბუაძის განცხადებით, ადგილზე ჩასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გათავისუფლებული დირექტორები ელენე ხოშტარიას დაუკავშირდნენ და თავიანთი პრობლემების შესახებ უამბეს.

“მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე მათზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი და ბოლოს, იმის გამო, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელნი იყვნენ, არ უნდოდათ ამ სააგიტაციო პროცესში ჩართვა და განსხვავებული პოლიტიკური პრეფერენციები ჰქონდათ, გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მიდიოდა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვადასხვა ადმინისტრაციული რგოლებიდან — სოფლის რწმუნებულისგან, მერისგან, რესურსცენტრიდან… ეს ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ 40-წლიანი სამუშაო სტაჟი, დატოვეს სამუშაოს გარეშე და ღირსებაშელახულები”, – აღნიშნავს ბუაძე.

მცხეთაშიც და მისაქციელშიც პოლიცია იყო მობილიზებული. ორივე შემთხვევაში იყო ხმაური და გაწევ-გამოწევა. საბა ბუაძის თქმით, თანამდებობის პირებთან შეხვედრის შესაძლებლობა არცერთ შემთხვევაში არ მიეცათ.

მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბექა იორდანიშვილი ბრალდებებს არ ეთანხმება. მისი თქმით, დირექტორებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოეწურათ და მათ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ.

“გათავისუფლება ადეკვატური დეფინიცია არ არის. დირექტორებს ეწურებათ ხელშეკრულების ვადა, შესაბამისად, ეს ხალხი არის სერტიფიცირებული და, როგორც ყველა სხვა მსურველს, სრულუფლებიანად შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სამომავლოდ დაგეგმილ კონკურსებში”,- აცხადებს ის. კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის სკოლის ყოფილი დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი მომავალ კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს, თუმცა იმედი არ აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს. მისი თქმით, ხსენებულ თანამდებობაზე 2014 წლიდან 2020 წლამდე საქმიანობდა, ბოლოს კი, მისი აზრით, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან.

ის “ნეტგაზეთს” უყვება, რომ გასულ წელს დირექტორის უფლებამოსილება მის გარდა კიდევ 14 დირექტორს ამოეწურა. კანონმდებლობის მიხედვით, სანამ ხელახალი კონკურსი ჩატარდება, ინიშნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ჭოტორლიშვილის თქმით, უწყებაში წერილი გაგზავნა და ითხოვა, გაეგრძელებინათ მისთვის დირექტორის დროებითი უფლებამოსილება. ასე მოიქცნენ მისი კოლეგებიც.

როგორც ყვება, დირექტორების ნაწილს სახელმწიფომ უფლებამოსილება გაუგრძელა, ნაწილს კი — მათ შორის, დოდო ჭოტორლიშვილს — აღნიშნულზე უარი ეთქვა.

“შემდეგ წერილები გავაგზავნე, ვითხოვე სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა. არავინ შემხვდა. ჩემი სკოლა იყო წარმატებული ყველა კუთხით. მე ვითხოვ, განმიმარტონ. რატომ არ გამიგრძელეს?..

…სახელმწიფომ ფული დახარჯა ჩემს გადამზადებაზე. სამი საფეხური არსებობს ლიდერობის აკადემიაში და სამივე გავლილი მაქვს, სამი სერტიფიკატი მაქვს… პასუხს ვითხოვ და ამ თვეების განმავლობაში არ მაქვს პასუხი. მითხრან, განმიმარტონ, რატომ მეუბნებიან უარს…” ,— ამბობს ის.

ჭოტორლიშვილის თქმით, 2020 წლის არჩევნების წინ მასთან პროსახელისუფლებლო აგიტაციის თხოვნით არავინ მისულა, ვინაიდან “პასუხი უკვე იცოდნენ”.

ყოფილი დირექტორი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას თავისი მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისი მეუღლე სოფლის გამგებლად მუშაობდა, შემდეგ კი,, ყოველი არჩევნების დროს, ენმ-ის წევრ მეგობრებს ეხმარებოდა ხოლმე.

“არ ვიცი, ეს მუქარა იყო თუ კეთილგანწყობილი გაფრთხილება, მაგრამ სოფლის რწმუნებული 6 წელი მეუბნებოდა, რომ გაჩერებულიყო ჩემი მეუღლე, თუ არადა, მე შემექმნებოდა პრობლემები”, – დასძენს ის.

ქსნის გამგებელი გიორგი ჯიქია “ნეტგაზეთთან” ყველა ბრალდებას უარყოფს და დასძენს, რომ ქსნის სკოლის ყოფილ დირექტორს შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს.

რაც შეეხება მისაქციელის რწმუნებულს, რომლის ოფისთანაც დღეს აქცია გაიმართა,  “ნეტგაზეთის” ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი