ახალი ამბები

დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს

16 თებერვალი, 2021 • 934
დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმებისა და პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

დაცვის მხარე კი მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

როგორც “ნეტგაზეთს” ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, სასამართლოს შეუძლია დააკმაყოფილოს ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ ან დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ან ძალაში დატოვოს გირაო.

“არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სასამართლოს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა კონდახიშვილმა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გადახდილი აქვს თავდაპირველად დაკისრებული გირაო 30 000 ლარის ოდენობით  და “გირაოს გირაოს”, ანუ დამატებით 40 000 ლარის გადახდას არ აპირებს. ამასთან, კონდახიშვილი მიიჩნევს, რომ მელიას შემთხვევაში სახეზე არ არის აღკვეთის ღონისძიების არანაირი საფუძველი, ვინაიდან არ არსებობს დასაბუთება მისი ქვეყნიდან შესაძლო მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხის შესახებ.


20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დაეყენებინა. პარლამენტმა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი