ახალი ამბები

“ის დაამშვენებდა პარლამენტს” – ფრიდონ ინჯია მელიაზე

16 თებერვალი, 2021 • 1135
“ის დაამშვენებდა პარლამენტს” – ფრიდონ ინჯია მელიაზე

“ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ნიკა მელია პარლამენტს დააკლდა. ამის შესახებ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ განაცხადა.

როგორც ინჯია ამბობს, მელია პარლამენტს “დაამშვენებდა”.

მისივე თქმით, “ევროპელმა სოციალისტებმა” გადაწყვიტეს, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

“უბრალოდ, ჩვენმა პარტიამ ასე გადაწყვიტა და შევიკავეთ თავი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლოს მოტანა შეეძლო და შეუძლია ჯერ კიდევ პარლამენტში მისი ყოფნით. ის დაამშვენებდა პარლამენტს”, – განაცხადა ინჯიამ.

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას.

პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება “ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”. დადგენილება ეყრდნობა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით და რეგლამენტის მე-11 მუხლს, რომელიც პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პრინციპებს ადგენს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის შეთხვევაში დადგება დღის წესრიგში.

“თავის დროზე მელია გვთხოვდა, უფლებამოსილება შეგვიწყვიტეთო, დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე უფრო ნაკლებად მზღუდავი მექანიზმის გამოყენების უფლება არ გვაქვს, რასაც ჰქვია არა უფლებამოსილების შეწყვეტა, არამედ უფლებამოსილების შეჩერება. ჩვენ უფლებამოსილებას არავის არ ვუწყვეტთ, ვხნით იმუნიტეტს ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში და პროკურატურას შესაძლებლობას ვაძლევთ, საქმე სასამართლოში წაიღოს. რაც შეეხება უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტას, ეს არის შემდგომი საკითხი, თუკი სასამართლო გადაწყვეტს, გამოყენებულ იქნას პატიმრობა, ეს საკითხი ისევ ჩვენ  უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი და საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და თქვა, რომ უსამართლობის სიმბოლოს ტარებას აღარ აპირებს. შესაბამისად, მან არ დაიცვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოს თანხა გადახდილი ჰქონდა.

პროკურატურა სასამართლოში ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით შევიდა, კერძოდ, მოითხოვა გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 30 000 ლარი 70 000 ლარამდე გაზარდა.

მელიას დამატებითი გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა, თუმცა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ გირაოს თანხის გადახდისთვის მელიას ჯერ დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა, შემდეგ გასაფრთხილებლად პროკურატურაში დაიბარა, 12 თებერვალს კი პარლამენტს მიმართა ბრალდებული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახნელად, რათა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი