ახალი ამბები

“ჩვენ არ ვართ სასამართლო” – ოხანაშვილი მელიას საქმეზე

16 თებერვალი, 2021 • 476
“ჩვენ არ ვართ სასამართლო” – ოხანაშვილი მელიას საქმეზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიასა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის განხილვაში ჩაერთონ.

ამის შესახებ ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც პროკურორ ამირან გულუაშვილს უსმენენ.

“ჩვენ არ ვართ სასამართლო და არ გვევალება შევიდეთ ისეთ სამართლებრივ საკითხებში და მასალების გაცნობაში, რისი უფლებაც მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა. ეს არ არის სასამართლო პროცესი. ჩვენ ველოდებით და მოვუწოდებთ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მობრძანდნენ კომიტეტზე და თუ აქვთ შეკითხვები, პარლამენტის წევრებმა დავსვათ ერთად შეკითხვები, რაც გვაინტერესებს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, დღევანდელ კომიტეტზე დასწრება სურდათ ნიკა მელიას ადვოკატებსაც. თუმცა ისინი პარლამენტში არ შეუშვეს. როგორც ოხანაშვილმა განმარტა, დაცვის მხარეს თავიანთი არგუმენტების წარმოდგენის უფლება სასამართლოში ექნებათ.

“კომიტეტები სწავლობენ კონკრეტულ საკითხს, ამ შემთხვევაში ნიკანორ მელიამ დაარღვია თუ არა ის პირობა, რომელიც მას კანონმდებლობით დაეკისრა, რომ გადაეხადა დამატებითი თანხა გირაოს სახით და, შესაბამისად, აქვს თუ არა გენერალურ პროკურორს მომართვის საფუძველი. ანუ ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, გადავწყვიტოთ და მივცეთ შესაძლებლობა ადვოკატებსაც, დაცვის მხარეს და ბრალდების მხარეს, პაექრობა გააგრძელონ სასამართლოში. ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას საკუთარი არგუმენტები გაცვალონ სასამართლოს წინაშე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი