ახალი ამბები

“ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ მიშას თამაშს თამაშობენ” — “გირჩმა” ოპოზიციის შეხვედრა დატოვა

15 თებერვალი, 2021 • 1173
“ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ მიშას თამაშს თამაშობენ” — “გირჩმა” ოპოზიციის შეხვედრა დატოვა

“გირჩის” წევრებმა, იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა, საერთო ოპოზიციური შეხვედრა დატოვეს, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იმართება.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ოპოზიციამ დაუდასტურა, რომ “მიშას თამაშს თამაშობენ”.

“ფაქტობრივად, ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ მიშას თამაშის თამაში. ზოგადად, განწყობა ეს იყო, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ სამი საკითხი გვქონდა, რომლის განხილვაც გვინდოდა და, ფაქტობრივად, ეს სამი საკითხი ისეთი იყო, რომელზეც მსჯელობა თუ დაიწყებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა, ის იყო სამართლიანი. ფაქტობრივად, გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა „მოუდზე”, — განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩია ამბობს, “გირჩის” წევრებს ოპოზიციასთან სამი კითხვა ჰქონდათ, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს.

“სამი საკითხიდან ერთი იყო, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზეც საერთოდ პასუხი ვერ მოვისმინეთ. მეორე საკითხი იყო, რომელიც დავაყენეთ: არჩევნები რომ გაყალბდა, რომ ვიძახით და ფასილიტატორებს ვერ ვარწმუნებთ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ჩვენ პარლამენტში ჩვენი პირობის გარეშე არ შევდივართ, ამიტომ ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას და გვექნებოდა არგუმენტი ფასილიტატორებთან, რაზეც დუმილი იყო და პასუხი არ არსებობდა. მესამე საკითხი იყო, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა არსებობდა ამ შემთხვევაში და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ ნიკა მელიას უპირობო სოლიდარობას ვუცხადებდით და ვუცხადებთ და რა იქნებოდა ის ღონისძიებები, რაშიც უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი და, ფაქტობრივად, გაუსაძლისი გახდა ჩვენი იქ ყოფნა”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი