ახალი ამბები

პროკურატურა პარლამენტს სთხოვს, მელიას იმუნიტეტი შეუჩეროს

12 თებერვალი, 2021 • 895
პროკურატურა პარლამენტს სთხოვს, მელიას იმუნიტეტი შეუჩეროს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე.

“იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მიმართა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე.

აღნიშნული თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეცვლის თაობაზე”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

5 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძროაბის” თამჯდომარე ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, რათა გააფრთხილონ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურაში მელიას უნდა გაფორმებოდა ოქმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მელია ერთი კვირის განმავლობაში არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებულ გირაოს 40 000 ლარის ოდენობით, ან არ უზრუნველყოფდა ამ თანხას უძრავი ქონებით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავდა მელიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პროკურატურის მტკიცებით, დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად საკმარისი თანხა ჰქონდა. ამასთან, პროკურატურის განცხადების თანახმად, მას აქვს აღნიშნული თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებაც.

თავად ნიკა მელია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს. ვინაიდან ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს და მას იმუნიტეტი იცავს, მისთვის გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შესაცვლელად მანდატის შეწყვეტაა საჭირო. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მელიას სადეპუტატო მანდატი წინა მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუჩერა.


ნიკა მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა  — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი