ახალი ამბები

ჩინეთში BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალეს

12 თებერვალი, 2021 • 728
ჩინეთში BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალეს

ჩინეთში ბრიტანული “BBC World News”-ის მაუწყებლობა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ტელევიზიისა და რადიოს მარეგულირებელმა ორგანომ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს მიიღო. მანამდე პეკინმა ტელეკომპანია გააკრიტიკა მის მიერ ჩინეთში მცხოვრები მუსლიმი უმცირესობის –  უიღურების – დევნისა და ქვეყანაში კორონავირუსის კუთხით არსებული ვითარების გაშუქებასთან დაკავშირებით.

ჩინური მარეგულირებლის განცხადებით, “BBC World News”-ის მასალები “სერიოზულად არღვევდა” მაუწყებლობის წესებს, მათ შორის, იმ მითითებებს, რომელთა თანახმადაც “ახალი ამბები უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი” და “არ უნდა აზიანებდეს ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებს”.

BBC-ის განცხადებით, პეკინის ამ ნაბიჯით “იმედგაცრუებულია”. გადაწყვეტილება დაგმეს როგორც დიდმა ბრიტანეთმა, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

“BBC World News” მსოფლიოს მასშტაბით ინგლისურ ენაზე მაუწყებლობს. ჩინეთში მისი მაუწყებლობა აქამდეც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული და იშვიათად სცდებოდა საერთაშორისო სასტუმროებისა და დიპლომატიური უწყებების საზღვრებს.

პეკინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბრიტანული მარეგულირებლის მიერ ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის “CGTN” იმ ლიცენზიის გაუქმება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მისი მაუწყებლობისთვის იყო საჭირო. უწყების თქმით, ტელეარხის ლიცენზიას ერთ-ერთი ჩინური კომპანია არასწორად ფლობდა.

სანამ დაბლოკავდნენ, BBC-მ მოამზადა ინტერვიუ უიღურ ქალებთან, რომლებიც ყვებოდნენ, რომ ჩინეთის სინძიანის პროვინციაში მოწყობილ სპეციალურ ბანაკებში სისტემატურად აუპატიურებდნენ, ავიწროებდნენ და აწამებდნენ. ჩინეთმა ეს მასალა “ყალბ რეპორტაჟად” შეაფასა.

ზოგიერთი გამოთვლით, სპეციალურ ბანაკებში მოათავსეს მილიონზე მეტი უიღური და ჩინეთში მცხოვრები სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი. გასულ წელს აშშ-მა ჩინეთი გენოციდში დაადანაშაულა, რასაც პეკინი უარყოფს და ამტკიცებს, რომ უიღურებს ისე ეპყრობა, როგორც სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ქვეყანაში.

ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა ჰონგ-კონგის საკითხის გამო: პეკინმა სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ახალი კანონი შემოიღო, რასაც მასშტაბური პროდემოკრატიული პროტესტი მოჰყვა.

იანვარში ლონდონმა 5.4 მილიონ ჰონგ-კონგელს შესთავაზა ახალი ვიზა, რომელიც მათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მოქალაქეობის მიღების საშუელბას მისცემს. გადაწყვეტილებას ბრიტანეთი ხსნის საფრთხეებით, რომლებიც, მისი აზრით, ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების ქმედებების გამო ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი