ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაუქმდეს კარანტინი აფხაზეთში მცხოვრებთათვის – პეტიცია

11 თებერვალი, 2021 • 716
გაუქმდეს კარანტინი აფხაზეთში მცხოვრებთათვის – პეტიცია

ახლად გამოქვეყნებული პეტიციით მოქალაქეები ითხოვენ, გაუქმდეს კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის.

11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, ენგურის ხიდზე გადასასვლელი გაიხსნა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, თუკი პირველ თებერვლამდე კარანტინის ვადად განისაზღვრებოდა 12 დღე, „ამიერიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შეიქმნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაჰყოფენ 5 საკარანტინო დღეს“.

სწორედ ამაზე პასუხად შეიქმნა პეტიცია, რომლის ტექსტშიც ვკითხულობთ: „მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. საქართველოს მთავრობა ვალდებულია, შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას“.

„მოვითხოვთ, რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება“, – წერია პეტიციაში. მისი ავტორია სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია.


„[გადასასვლელის გახსნა] საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ კონკრეტულად რა ტიპის კატეგორიებზე იყო საუბარი, რომელიც მინისტრს პრესკონფერენციაზე არ გაუხმიანებია.

„პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ შეჭირვებულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხვალიდან კი, პენსიონერებს“, – განუცხადეს სამინისტროში ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი