ახალი ამბები

ვინც გირაოს გადაიხდის, ჩემი არაკეთილმოსურნე და სუს-თან დაკავშირებული იქნება — მელია

11 თებერვალი, 2021 • 737
ვინც გირაოს გადაიხდის, ჩემი არაკეთილმოსურნე და სუს-თან დაკავშირებული იქნება — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ თუ ვინმე მასზე დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, არა მისი კეთილმოსურნე, არამედ სახელმწიფო უსაფრფთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირი იქნება.

“ფიზიკურად შეუძლებელია გადაიხადოს ნებისმიერმა მსურველმაც თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს. იმისთვის, რომ თანხის გადახდა მოხდეს, აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ან ე.წ. ბრალდებულს ჩემი სახით, ან მის ადვოკატს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველასთვს უცნობია. ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნის, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავინ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ ექნება უნიკალური კოდი, რომელიც პროკურატურას აქვს”, — ამბოს ნიკა მელია.

მელიას თქმით, თუ “საქართვლოს ბანკის” შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა მოხდება, ეს მისი უფლებების შელახვა და კანონის დარღვევაც იქნება.

“მივმართავ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას, ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. რაც შეეხება მთავარს, ძვირფასო ხელისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოყენებული, მითიური პერსონა, რომელზეც დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია ნადირობს და „ქართული ოცნების“ დეპუტატია, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი არაკეთილმოსურნე იქნება და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია არა ქართულ ოცნებასთან“, უსაფრთხოების სამსახურთან”, — აცხადებს მელია.


ნიკა მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა  — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი