ახალი ამბები

რა დაადგინა სინოდმა ვაქცინაციაზე? – მიტროპოლიტის განმარტება

11 თებერვალი, 2021 • 928
რა დაადგინა სინოდმა ვაქცინაციაზე? – მიტროპოლიტის განმარტება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც იმსჯელეს: აღნიშნულის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და ისიც თქვა, რაზე შეჯერდნენ სასულიერო პირები.

წამყვანის კითხვას, რა შუაშია სინოდი ვაქცინასთან, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა:

“თქვენს გარდა ეს კითხვა არავისგან გამიგია და ყველას მე ვეუბნები ამას, რომ… ჩვენ რა შუაში ვართ?

ვერც მის[ვაქცინის] წინააღმდეგ წავალთ და ვერც მის დასაცავად, იმიტომ, რომ არ გვაქვს არც შესაბამისი განათლება, არც სტატუსი. ექიმებმა არ უნდა ილაპარაკონ ამაზე?”

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ არანაირი მიმართება არ იქნება აცრასა და მრევლის ამა თუ იმ წარმომადგენლის ზიარებას შორის.

“ჩვენ ზუსტად ეგ დავადგინეთ, რომ ეს არ არის უბრალო სახკითხი, უნდა მოვუსმინოთ ექიმებს… ჩვენ სწორედ ეს ვთქვით: ეკლესია რის მიხედვით აკეთებს შეფასებას? ზიარების უფლებას ვაძლევთ თუ არ ვაძლევთ ადამიანს.

ჰოდა, ჩვენ სწორედ ეს ვთქვით, რომ აიცრის ადამიანი თუ არ აიცრის, ამას არანაირი პირდაპირი მიმართება ზიარებასთან ეკლესიაში არ ექნება. ანუ, ცოდვის თვალსაზრისით, არც აცრაა ცოდვა და არც აუცრელობა. ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თვითონ, ექიმებთან კონსულტაციით. მთავარი შინაარსი ეს იყო”, – განაცხადა მან.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვას, საბოლოოდ დადგინდა თუ არა, რომ საპატრიარქო ვაქცინასთან არაფერ შუაშია, სასულიერო პირმა უპასუხა:

“იცით, რა, ვართ მაინც შუაში იმიტომ, რომ ყველა ამას მეუბნება… მე ამას, რასაც თქვენ მეუბნებით, ამ კითხვებს ტელევიზიებს ვუსვამდი წინა დღეებში და რას მეუბნებოდნენ, იცით? მაინც ჩვენ ბევრი ხალხი გვისმენს. და ბევრი ხალხი ვერ ერკვევა თვითონ და ჩვენი იმედი აქვთ, რომ რაღაცას ვურჩევთ”.

მიტროპოლიტს არ აქვს პასუხი იმაზე, კონკრეტულად რას ურჩევს მრევლს ვაქცინასთან დაკავშირებით:

“მე შიმიძლია, ერთი რამე ვთქვა: მე თვითონ არ მაქვს შესაბამისი განათლება და სტატუსი, რომ თუნდაც ასეთი განცხადება გავაკეთო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი