ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში მცხოვრები ექიმი აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დააჯილდოვა

11 თებერვალი, 2021 • 1243
გალში მცხოვრები ექიმი აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დააჯილდოვა

გალის რაიონის საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი, ექიმი ხათუნა გარგულია, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საპატიო სიგელით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს.

“უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, პანდემიის პირობებში ხათუნა გარგულიამ, როგორც ექიმმა და სამსახურის ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად  სიმამაცეც გამოამჟღავნა და პროფესიული თავდადებაც. მან შეძლო ეფექტურად უზრუნველეყო საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურის  მედპერსონალის მობილური ჩართულობა კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების მკურნალობის მართვის პროცესში. სწორედ ამან გადააწყვეტინა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე ახალგაზრდა ექიმის საპატიო სიგელით  დაჯილდოება”, – ნათქვამია აფხაზეთის უმაღლესმა საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გვიჭირს თვიდან თვემდე  თავის გატანა. მოსახლეობა არის არაგადამხდელი, სიდუხჭირეში მყოფი. თანხა, რომელიც ჯანდაცვის ფედერალური უწყებიდან გვერიცხება, არასაკმარისია იმ სერვისების განსახორციელებლად, რაც მოსახლეობას სჭირდება. ლიმიტი არ გვყოფნის. 2006 წლიდან ჩვენთვის  დაფინანსება არ შეცვლილა. ხარჯვითი ნაწილის მომატებაა საჭირო, მედპერსონალსაც უნდა გაეზარდოს ხელფასები, მაგრამ დღემდე ეს ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, კუთვნილი შვებულებაც და დეკრეტულიც – არაანაზღაურებადია. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მივმართეთ ფედერალურ ჯანდაცვას, სხვა უწყებებსაც და იმედი გვაქვს, რომ გამოსავალი მოინახება და მდგომარეობა გამოსწორდება.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს შეეძლო  დადებითი როლი ეთამაშა ჩვენი პირობების გაუმჯობესების საქმეში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ჩამოგვიყალიბდა საქმიანი ურთიერთობა“,- ავრცელებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ხათუნა გარგულიას მოსაზრებას.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საბერიოს მოქმედი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთათვის რაიმე სახის ხელფასის გაცემა არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში; პირიქით, რუსი და აფხაზი „მესაზღვრეებისაგან“ ხელისშემშლელ ბარიერებს აწყდებიან –  საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან  უკრძალავენ მედიკამენტების გადატანას, რადგან ეს კონტრაბანდად ითვლება.

ხათუნა გარგულიას განცხადებით, მთელი ამ წლების მანძილზე, საბერიოს საავადმყოფოს მესვეურები მხოლოდ  პირადი ძალისხმევით, პირადი კონტაქტებით ახერხებენ მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების ადგილზე მიტანას, მაგრამ არ იციან, შეძლებენ თუ არა იგივეს ხვალ და ზეგ.

სამწუხაროდ, არ არსებობს სისტემა, რომელიც  ყველაფერს ერთბაშად მოაგვარებს, დაალაგებს, ამიტომ იქ მცხოვრებნი ვცდილობთ პირადი ურთიერთობებით, პირადი კონტაქტებით ვიღვაწოთ გადარჩენისათვის ისე, რომ ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ და მეორე მხარეც დავაფასოთ. ჯანდაცვის სფეროს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ჩვენ შორის ურთიერთობის დალაგებაში, დაპირისპირებულთა დაახლოებისა და შერიგების პროცესში.

იქ მოღვაწე ქართველი მედიკოსები თუ გავძლიერდებით და თუ ამაში ხელს შეგვიწყობს ყველა, ვისაც ევალება და ხელეწიფება, ჩვენი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ მიმართ ნდობაც მოიმატებს, შერიგებაც რეალური გახდება და მეტი ურთიერთობები წამოვა. მით უმეტეს, დღესაც  გვიწევს ურთიერთობა აფხაზებთან, ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს ეთნიკურად აფხაზი ტყვარჩელიდან, ოჩამჩირიდან; სტაციონარშიც გვყოლია აფხაზები. როცა თავიანთი ნებით საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს გვანდობენ, სინანულიც უჩნდებათ  ჩატეხილი ხიდის გამო და მისი გამრთელების სურვილიც. ვფიქრობ, ასე მთავარ მიზნამდეც მივალთ!“ – აცხადებს საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების დირექტორი ხათუნა გარგულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი