ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის ხიდი გაიხსნა, საკარანტინო ვადა 5 დღემდე მცირდება | ახვლედიანი

11 თებერვალი, 2021 • 1137
ენგურის ხიდი გაიხსნა, საკარანტინო ვადა 5 დღემდე მცირდება | ახვლედიანი

“დაახლოებით ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

“რასაკვირველია, მხედველობაშია მისაღები პანდემიით შექმნილი გარემოება. საქართველოს ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს პანდემიის მართვას. სწორედ ამავე პრინციპით მნიშვნელოვნად შემცირდა საკარანტინო ვადა [ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის]. მოგეხსენებათ, პირველ თებერვლამდე კარანტინის ვადად განისაზღვრებოდა 12 დღე, ამიერიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შეიქმნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაჰყოფენ 5 საკარანტინო დღეს. ამის შემდეგ, ჩატარებული კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, ისინი საკარანტინო სივრცეებს დატოვებენ”, – განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ენგურის ხიდზე შეიქმნება შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, განთავსდებიან ზოგადი პროფილის მედიკოსები და იქნება სატრანსპორტო საშუალებაც, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანს.


აფხაზეთის, ძირითადად კი გალის რაიონის მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საკარანტინო სივრცეში 12 დღით უნდა მოთავსებულიყვნენ.

გალის რაიონის მოსახლეობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ძირითადად პირველადი საჭიროებების პროდუქციისა და მომსახურებების მიღების მიზნით გადმოდიოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი