ახალი ამბები

ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ლეიბორისტები პარლამენტში ერთჯერადად შესვლას მხარს არ უჭერენ

10 თებერვალი, 2021 • 1457
ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და ლეიბორისტები პარლამენტში ერთჯერადად შესვლას მხარს არ უჭერენ

პარტიები “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლეიბორისტული პარტია” ამბობენ, რომ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილებას არ გადათქვამენ, მათ შორის, არც უბარიერო საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრისთვის.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამ პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

დღეს მოქმედი 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის — 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი.

“ლელოს” წევრი და მაჟოტარობის ყოფილი კანდიდატი, საბა ბუაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

“ჩვენ ნებისმიერი ფორმით საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას ვთვლით ბოიკოტის შეწყვეტას, რაც მიზანშეწონილი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არ უნდა დათმობაზე წამოსვლა.

ჩვენთვის ბოიკოტის შეწყვეტა დადის მხოლოდ ახალ არჩევნებზე და მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებზე შეთანხმებას შეუძლია დაასრულოს ბოიკოტი. ნებისმიერი სხვა ნაბიჯი ჩვენი მხრიდან საპარალმენტო საქმიანობის მიმართ გადადგმული მიგვაჩნია ბოიკოტის შეწყვეტად, რაც დამაზიანებელია იმ საერთო მიზნისთვის, რაც გვაქვს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საბა ბუაძე.

ჩვენს კითხვაზე, ხომ არ ყოფილა ამ თემაზე მანამდე მსჯელობა შიდაოპოზიციურ წრეებში, ბუაძე გვპასუხობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.

იმავეს აცხადებენ “ლეიბორისტულ პარტიაშიც”. გიორგი გუგავა ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია არ განიხილავს პარლამენტში შესვლას.

“პარლამენტში არშესვლა – ეს არის პროტესტი გაყალბებული არჩევნების მიმართ, არალეგიტიმურ პარლამენტს არანაირი ფორმით არ შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი არის ერთგვარი სატყუარა, იმ კანონზე შევდივარ, ამ კანონზე გამოვდივარ – ეს მიდგომა არასწორია”, – ამბობს გუგავა.

იმავე პოზიციას იზიარებს “სტრატეგია აღმაშენებელიც”. მისი დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე საქართველოში არ არის, ჩვენს კითხვებს, პარტიის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა.

ის ამბობს, რომ პარტიაში არ უმსჯელიათ პარლამენტში თუნდაც ერთჯერადად შესვლის თაობაზე:

‘საინტერესო იდეაა. გიორგი ვაშაძე არ არის საქართველოში, ის ჩამოვა და პარტიის ლიდერი გააკეთებს განცხადებას.

მე რაც ვთქვი და რასაც ვფიქრობ – ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არ შეცვლილა. სანამ შეთანხმება არ არის მიღწეული ვადამდელი, რიგგარეშე არჩევნების საკითხზე… დანარჩენი საკითხებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება”, – ამბობს ის.

დამატებით კითხვაზე, გიორგი ვაშაძის დაბრუნების შემდეგ განიხილავენ თუ არა ერთჯერადად პარლამენტში შესვლას, მანჯგალაძე გვპასუხობს:

“იდეის დონეზე, შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნების თარიღზე და ვადებზე შეთანხმები.

დანარჩენი საკითხებიც, მათ შორის, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა, უბარიერო სისტემა, პოლიპატიმრები და ა.შ. ყველა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მას შემდეგ, რაც რიგგარეშე არჩევნების თარიღი შეთანხმდება”,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.


“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

როგორც სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს მანდატების გაუქმებაზე განცხადება აქვთ დაწერილი, ისინი საარჩევნო ბარიერის დასაწევად კენჭისყრაში მონაწილეობას   მიიღებენ, შემდეგ კი მანდატების გაუქმებაზე განცხადებას ისევ დაწერენ.

“ჩვენ მანდატების [გაუქმების] განცხადება დაწერილი გვაქვს და ერთგული ვრჩებით ამ განცხადების. ველოდებით, როდის გააუქმებს ხელისუფლება ამ მანდატებს, რომელიც კანონს არღვევს, არ აუქმებს, მაგრამ ამავე დროს წინაპირობებით და დათქმებით მზად არის უბარიერო პროპორციული სისტემისთვის, თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში. თუმცა ჩვენ მას მივმართავთ, რომ თუ შემოტყუების მექანიზმებით არ არის ამ კანონპროექტზე საუბარი, თუ ისინი გაბედავენ და ასეთ კანონპროექტს დაარეგისტრირებენ და იარსებებს უბარიერო, ბუნებრივი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემა, ჩვენ მზად ვართ, რომ კენჭისყრაში ერთჯერადად, სამ მოსმენაში მივიღოთ მონაწილეობა და ისევ დავტოვოთ პარლამენტი. ეს არ ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ ვიმუშაოთ დღევანდელ პარლამენტში. ეს ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს მომავლისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი კანონი, რომლის შემდეგაც ვერ შეძლებს ვერც ერთი ხელისუფლება, რომ ისევ ერთპარტიული პარლამენტით ან მიტაცებული ხელისუფლებით იფუნქციონიროს”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“რესპუბლიკური პარტია” 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასთან” ერთად მონაწილეობდა. საპარლამენტო მანდატი პარტიის ორ წევრს, ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას აქვს.

საარჩევნო ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის — 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი.

ხათუნა სამნიძეს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე კონსულტაცია “ძალა ერთობაშიას” ბლოკთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შესვლააზე უარს აცხადებენ და საარჩევნო რეფორმასთან ერთად მთავარ მოთხოვნად ახალი არჩევნების დანიშვნასა და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

სამნიძის თქმით,  სხვა პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ თუ “ოცნება” აღნიშნულ ინიციატივას დაარეგისტრირებს, მას სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება.

მისივე თქმით, “რესპუპლიკური პარტია” ოპოზიციის მოთხოვნების ერთგული რჩება.

“ამ კანონპროექტზე უარს ოპოზიცია არ იტყვის. მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება. ჯერ კონსულტაციები არ გვქონია სხვა პარტიებთან, იმიტომ, რომ ჯერ კანონპროექტი არ დარეგისტრირებულა. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, დაარეგისტრიროს კანონპროექტი და მზად ვართ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის”, — აცხადებს სამნიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი