ახალი ამბები

დავითგარეჯის საქმეში რუსული ჩარევა იკითხება | “ევროპული ღირებულებების ცენტრი”

10 თებერვალი, 2021 • 798
დავითგარეჯის საქმეში რუსული ჩარევა იკითხება | “ევროპული ღირებულებების ცენტრი”

“დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საქმე არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში რუსული ჩარევის ილუსტრაცია”, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც მიამზადა ჩეხურმა არასამთავრობო კვლევითმა ორგანიზაციამ “ევროპული ღირებულებების ცენტრი უსაფრთხოების პოლიტიკისთვის”. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში უცხოური გავლენების შედარებითი ანალიზის კვლევას.

კვლევის თანახმად, საქართველოში მთავარი “მავნე უცხოური გავლენის” წყაროები რუსეთის ფედერაცია და ჩინეთია. გარდა ამ ორი ქვეყნისა, დოკუმენტში საუბარია თურქეთის შესახებაც.

კვლევის ანგარიშის ავტორების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა ევროკავშირსა და NATO-ს უჭერს მხარს, ქვეყანაში რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისა და რადიკალური მოძრაობების რიცხვი იზრდება.

“საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ვერ შეძლეს პროაქტიულად გამოევლინათ და დაესახელებინათ მავნე რუსული გავლენები  და ჯგუფები ქვეყანაში, რომლებიც კრემლის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდნენ”, – ნათქვამია ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის რბილი ძალის სტრატეგია ცდილობს ხაზი გაუსვას იმას, რომ დასავლური ღირებულებები შეუთავსებელია მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან და ორიენტირებულია საქართველოს ნეიტრალიტეტზე, ასევე, ყალბი ისტორიული ანტითურქული ნარატივის შექმნაზე, რომ ანკარა ცდილობს მიიტაცოს აჭარის რეგიონი.

ავტორები ასევე საუბრობენ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებულ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

კვლევაში ყურადღება მახვილდება ე.წ. კარტოგრაფების საქმის შესახებ. ავტორების თანახმად, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საქმე არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში რუსული ჩარევის ილუსტრაცია.

“ყურადღების გადატანის ტექნიკა იყო გამოყენებული საქართველოს მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც მთავრობამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დააკავა საჯარო მოხელეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. საქმე, რომელიც დაკავშირებულია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, რომელიც მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, არის რუსული ჩარევის ილუსტრაცია. ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოში ტოპოგრაფიული რუკები ჩამოიტანა, დაკავშირებულია რუსულ სპეციალურ სამსახურებთან.

მედიის განვითარების ფონდის წინასაარჩევნო ანგარიში აჩვენებს, რომ კამპანიამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა, გააღვივა ნარატივი, რომ ოპონენტები ასხვისებდნენ ეკლესიებსა და სამშობლოს, იმ დროს, როდესაც მთავრობა ცდილობს საფრთხეების განეიტრალებას. ამგვარად შეიქმნა ნაყოფიერი ნიადაგი ულტრანაციონალისტებისა და პრორუსულად განწყობილი ძალებისთვის, რათა განეხილათ აზერბაიჯანი და რუსეთი მსგავსი საფრთხეებისა და ოკუპაციის კონტექსტში”, – ნათქვამია ორგანიზაციის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში.


ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კვლევის ანგარიში არის ქართული “thinkthank-ების”, მათ შორის: საქართველოს ატლანტიკური საბჭო, სამოქალაქო იდეა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS და მედიის განვითარების ფონდის მიერ შექმნილი ერთობლივი დოკუმენტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი