ახალი ამბები

NGO-ები გეგუჩაძის პარლამენტში არშეშვებაზე თალაკვაძისგან განმარტებას ითხოვენ

10 თებერვალი, 2021 • 791
NGO-ები გეგუჩაძის პარლამენტში არშეშვებაზე თალაკვაძისგან განმარტებას ითხოვენ

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვს განმარტოს, რატომ არ შეუშვეს პარლამენტში “მთავრი არხის” წარმომადგენელი და რატომ შეეზღუდა მას ჟურნალისტური საქმიანობა.

არასამთავრობოების განცხადებით, პარლამენტის წარმომადგენლებმა ზეპირი ფორმით უარის მიზეზად მარიამ გეგუჩაძის სამოქალაქო აქტივიზმი დაასახელეს.

“2021 წლის 9 თებერვალს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ “მთავარი არხის” წარმომადგენელს, მარიამ გეგუჩაძეს, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და შეეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის უფლება.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, გააკეთოს საჯარო განმარტება შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუქმნას ჟურნალისტებს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

Კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური განმარტებისათვის მიმართავს

2021…

Posted by კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის on Wednesday, February 10, 2021

მომხდარს 9 თებერვალს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა. გვარამია პარლამენტში გეგუჩაძის შესვლაზე უარის თქმას დისკრიმინაციად აფასებს. განცხადებაში ასევე ამბობს, რომ პანდემიის პირობების გათვალისწინებით, არხის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარლამენტის პრესსამსახურს შენობაში მყოფი “მთავარი არხის” გადამღები სხვა ჯგუფის დროებით გამოყვანაც, რაზეც უარი მიიღეს.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენი არხის ჟურნალისტს, მარიამ გეგუჩაძეს, უარი ეთქვა პარლამენტში შესვლაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაზე.

მარიამ გეგუჩაძე არის ჟურნალისტი და ის მუშაობს გადაცემაზე “თქვენი ხმა”. მას გადაცემისთვის ესაჭიროებოდა პარლამენტში შესვლა ოთხშაბათს, 10 თებერვალს, რათა ხუთშაბათის, 11 თებერვლის გადაცემისთვის ჩაეწერა ინტერვიუები დევნილების თემაზე.

პანდემიის პირობების გათვალისწინებითაც, არხის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარლამენტის პრესსამსახურს პარლამენტში “მთავარი არხის” გადამღები სხვა ჯგუფის დროებით გამოყვანა და „თქვენი ხმის“ ჟურნალისტის შეშვება. მიუხედავად ამისა, პარლამენტის მხრიდან იყო უარყოფითი პასუხი  დისკრიმინაციული მოტივით – მარიამ გეგუჩაძის  სამოქალაქო აქტივიზმის გამო”, – ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, მიშა ფეიქრიშილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სამოქალაქო აქტივისტზე, ამ შემთხვევაში კი მარიამ გეგუჩაძეზე, საშვს ვერ დაუშვებდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ცნობილია, მარიამ გეგუჩაძე არის სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მასზე საშვს ვერ დაუშვებდა. ტელეკომპანია “მთავარის” არცერთ ჟურნალისტს არ შექმნია არასდროს პრობლემა შენობაში შემოსვლასა და საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაზე”, – ამბობს ფეიქრიშვილი.

ნეტგაზეთის საპასუხო კითხვაზე – აქტივისტთან ერთად გეგუჩაძე არის ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელიც პარლამენტის შენობაში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით შედიოდა, და რა მნიშვნელობა აქვს, პარალელურად რა საქმიანობას ეწევა ის – ფეიქრიშვილი პასუხობს:

“აქვს მნიშვნელობა პირობითად იმას, რომ ადამიანი, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმით არის დაკავებული, პარლამენტის პრესსამსახური სამოქალაქო აქტივისტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ანუ  შენობაში შემოუშვას თუ არა. მას შეუძლია კონკრეტული ინტერვიუ შეათანხმოს ნებისმიერ დეპუტატთან და მათაც შეუძლიათ დაუშვან საშვი. პიარი ვერ აიღებს საკუთარ თავზე სამოქალაქო აქტივისტის შემოშვებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი