ახალი ამბები

ამნისტიის შედეგად უკვე 189 პატიმარი გათავისუფლდა – პენიტენციური

10 თებერვალი, 2021 • 572
ამნისტიის შედეგად უკვე 189 პატიმარი გათავისუფლდა – პენიტენციური

ამნისტიის შედეგად საპატიმროებიდან უკვე 189 პატიმარი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა.

“170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან.  53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო. 33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შიმცირების შედეგად გათავისუფლდა. ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

აღსანიშნავია, რომ ერთ უვადო მსჯავრდებულს დაუდგინდა გათავისუფლების თარიღი (2026 წელი) საპატიმროებიდან გათავისუფლებული 170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია. ორმა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა. 4 მსჯავრდებულ ქალს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა”, — ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში 4055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი და ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს, ისინი საპატიმროებს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ.

“ამნისტიის შესახებ” კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, უმცირდებათ დანიშნული სასჯელი ან ეცვლებათ უფრო მსუბუქი სასჯელით.ამნისტიის კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

ასევე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე (გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა).

ვის შეეხება ამნისტია?

მასალების გადაბეჭდვის წესი