ახალი ამბები

სპორტის სასახლესთან ბარაკების ნაცვლად სკვერი გაკეთდება – კალაძე

10 თებერვალი, 2021 • 795
სპორტის სასახლესთან ბარაკების ნაცვლად სკვერი გაკეთდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე მდებარე ბარაკები სკვერით შეიცვლება. ამის შესახებ კალაძემ მუნიცილაიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, მერია ბარაკების მეპატრონეებს მოელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართით სხვა ტერიტორიაზე დააკმაყოფილებენ. 1 500 კვადრატულ მეტრს კი მუნიციპალიტეტი აითვისებს.

“ჩვენ ვიწყებთ ამ ბარაკების დანგრევას და ამ ადგილზე აშენდება პატარა სკვერი, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ იმის საშუალება, რომ თავიანთი შვილები ჩამოიყვანონ და სკვერში გაასეირნონ, რადგან ასეთი პროექტი არ არსებობს. უბრალოდ, სკვერი არ არსებობს, პარკი არ არსებობს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ტროტუარიც კი არ არსებობს, რომ ადამიანებმა ნორმალურად გაიარონ. არის მხოლოდ აბლანდულ-დაბლანდული გზები, რაც პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ გაკეთდეს სკვერი, იქ მცხოვრები ადამიანებმა დაისვენონ, განიტვირთონ და ა.შ. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსების აშენება არ და ვერ მოხდება”, – განმარტა კალაძემ.

მერის თქმით, პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი